საქართველოს ნაკრების მესამე მოგება
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი მოიგო – 22-21 დაამარცხა საბერძნეთი და ხვალ, 14 საათზე, მეხუთე ადგილისთვის ფარერის კუნძულებს შეხვდება.
ჩვენი მეტოქე, საბერძნეთი, საკმაოდ ძლიერი გუნდია – ნახევარფინალისტ უკრაინასთან მხოლოდ 1 ბურთით დამარცხდა, ხოლო ფარერის კუნძულებს ფრედ ეთამაშა. სტუმრები თავიდან დაწინაურდნენ – 9-4.
ცუდი დასაწყისის შემდეგ ჩვენმა მწვრთნელებმა თამაშში ახალი ძალები ჩართეს – დებმა ცინცაძეებმა და ქამაშიძემ სიტუაცია დაასტაბილურეს, ქამაშიძემ ამ ტურნირზე პირველი გოლიც გაიტანა, ლიდერებს კი დასვენების საშუალება მიეცათ. მალე გაგნიძემ და ჩხაიძეებმა ანგარიში გაათანაბრეს – 9-9.
საბერძნეთმა 10-9 მოიგო ნახევარი თამაში, შესვენების შემდეგ კი 12-9 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, შეუჩერებელი იყო ლიზა ჩხაიძე, რომელმაც ჯამში 13 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა, რომ გვყავდა დღის მეორე გმირიც – მეკარე ჯიქურაშვილმა 15 დარტყმა მოიგერია!
ლიზას ზედიზედ 3 გოლის შემდეგ 16-14 დავწინაურდით, მაგრამ მეტოქე მალე დაგვეწია და თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ანგარიში 20-20 იყო. აქედან მოყოლებული, ძირითადი დროის ბოლომდე გოლი არ გასულა!
ბოლო შეტევა საქართველოს ერგო – ანა ჩხაიძემ კუთხიდან ვერ გაიტანა, მაგრამ ბურთი მარიამ დვალიშვილს დარჩა – ბოლო წამზე მან ექვსი მეტრიდან დარტყმა მოასწრო, მაგრამ ძელს გაარტყა. 20-20, დაინიშნა შვიდმეტრიანების სერია.
აქ 9 დარტყმიდან სულ სამი გოლი გავიდა: ჩვენგან გაიტანეს ჩხაიძეებმა, მეტოქის გუნდიდან – კეპესიდუმ. ბერძნებმა სამი შვიდმეტრიანი ააცილეს, ერთი კი ჯიქურაშვილმა მოიგერია. საბოლოოდ, ჩვენებს ბოლო დარტყმა აღარც დასჭირდათ – 22-21!
ხატია ჯიქურაშვილი: – ძალიან მძიმე მატჩი იყო. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქესაც არ ეძინა. ანგარიში ძალიან ბევრჯერ იყო თანაბარი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ხვალაც ასე იქნება და ყველაფერს გავიღებთ კიდევ ერთი მატჩის მოსაგებად!
ჩვენმა ხვალინდელმა მეტოქემ ფარერებმა 33-22 დაამარცხა ფინეთი, რომელიც ხვალ მეშვიდე ადგილისთვის საბერძნეთს შეხვდება.
პირველ ნახევარფინალში ლიტვამ კარგა ხანი გაუწია წინაღმდეგობა სერბეთს, მაგრამ მაინც 26-32 დამარცხდა. შვეიცარიამ ბოლო წუთზე მოუგო უკრაინას, 22-21.
ბულგარეთმა და ლატვიამ ჩემპიონატი დაასრულეს. მათი თამაში მე-9 ადგილისთვის ბულგარეთმა მოიგო, 33-24. კვირას ჩემპიონატის ბოლო დღეა. მატჩები 12 საათიდან დაიწყება. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟისა თუ ჩანაწერის შესაძლებელია ინტერნეტში: https://www.youtube.com/user/handballgoergia, https://www.ehftv.com/int/
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.
თბილისის სპორტის სასახლე, 10 აგვისტო
ფინალი. 9-10 ადგილები
ბულგარეთი – ლატვია 33–24
ნახევარფინალი. 5-8 ადგილები
ფარერები – ფინეთი 33-22
საქართველო – საბერძნეთი 22–21
საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი – ე. ჩხაიძე 13, ა. ჩხაიძე 4, გაგნიძე 2, ქამაშიძე 1, დვალიშვილი 1, გოგია 1, ბურკაძე, კორძაია, სურამლიშვილი, საბაშვილი, მ. ცინცაძე, ქ. ცინცაძე, კომახიძე
საბ: კუციმანი, ლეონიდუ – კეპესიდუ 9, ამვროსიადუ 4, სევდილი 3, საკიზლი 2, დომასკუ 2, ხრისოკენტი 1, გავრილიდუ, გ. პაპადოპულუ, ა. პაპადოპულუ, მურატიდუ, ვრამპა, კოტროციუ, კულური, პანუსი
მსაჯები: კული, ტინტი (ესტ), დელეგატები: მელქონიანი (სომ), კაზნიექსი (ლატ)
ნახევარფინალი. 1-4
სერბეთი – ლიტვა 32–26
შვეიცარია – უკრაინა 22–21
11 აგვისტო, ფინალი
12:00 (7-8) ფინეთი – საბერძნეთი
14:00 (5-6) ფარერები – საქართველო
16:00 (3-4) ლიტვა – უკრაინა
18:00 (1-2) სერბეთი – შვეიცარია