სასკოლო ხელბურთის განვითარების პროგრამა ფესტივალის თანხლებით გორში დაგვირგვინდა

შეიძლება ითქვას, დღეს ხელბურთმა უფრო მეტი გულშემატკივარი შეიძინა, ვიდრე ეს იყო გუშინ, ერთი კვირის წინ, თუ ერთი წლის წინ. ამის ერთგვარ დასტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ ხელბურთის გერმანელი სპეციალისტის, ჰელმუტ მარტინის სემინარები, რომელიც გორის სპორტის სასახლეში სასკოლო ხელბურთის ფესტივალის თანხლებით დაგვირგვინდა.

სემინარები შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 28 სპორტის პედაგოგი იყო ჩართული. თეორიულ-პრაქტიკულმა სწავლებამ ნაყოფიერად ჩაიარა. ჰელმუტ მარტინის შეფასებით, შიდა ქართლის რეგიონს ერთ-ერთ საუკეთესო ჯგუფი ჰყავდა.   

სპორტის პედაგოგებისთვის შემუშავებული პროგრამა და მისი ქართული მხარისთვის გაცნობა, ახლო მომავალში შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ამის თქმის საბაბს იძლევა, სპორტის პედაგოგების მხრიდან ხელბურთით დაინტერესება და ფესტივალში მოზარდების ჩართულობა.

სასკოლო ხელბურთის ფესტივალში მონაწილეობდა გორის და მისი მიმდებარე სოფლების (შინდისი, ზერტი, თორტიზა) ათი საჯარო სკოლის ოთხმოცამდე მოზარდი, რომელთა აზარტულობამ მოლოდინს გადააჭარბა.

ფესტივალის გამარჯვებული გახდა მე-8 საჯარო სკოლა. მეორე ადგილზე გავიდა მე-7 საჯარო სკოლა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები, შესაბამისად, დაიკავეს მე-4 და მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

ჰელმუტ მარტინის სემინარებს, რომელიც თანაშემწის, გოგა ჯმუხაძის დახმარებით მიმდინარეობდა, ყურადღება ეთმობოდა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის შესაბამისი ვარჯიშების შერჩევას, მათში სხვა აუცილებელი უნარების, კოორდინაციის განვითარებას.

გორშიც, ისევე როგორც ეს იყო თელავსა და თბილისში, თეორიულ-პრაქტიკული კურსის დასრულების და შესაბამისი ცოდნის მიღების ნიშნად, ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ხელბურთის განვითარების, „იცხოვრე ხელბურთით“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, ფესტივალებისა და მასტერკლასების ორგანიზებას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სპორტის ხელმისაწვდომობის, მოზარდთა ფიზიკური აქტივობის გაზრდას, საქართველოს სკოლებში ხელბურთის განვითარებას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას და სპორტის გაკვეთილების გამრავალფეროვნებას.

პროექტი, რომლის თაოსანიც საქართველოს ხელბურთის ფედერაციაა, მიმდინარეობს საქართველოს სპორტის სამინისტროს და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით და განათლების სამინისტროს ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში D კატეგორიის საერთაშორისო ლიცენზია უკვე მიიღო ათეულობით ფიზიკური აღზრდის პედაგოგმა და მწვრთნელმა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ხელბურთის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სკოლებში სპორტის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვახტანგ მეიფარიანის თქმით, პროექტი კვალავაც გაგრძელდება და მომავალი წლიდან სხვა მასშტაბებსაც შეიძენს.

Leave a Reply