სასკოლო სემინარები გრძელდება

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია განათლების სამინისტროს პროექტის „მასობრივი სპორტი სკოლებში“ ფარგლებში აგრძელებს სასწავლო სემინარების გამართვას საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლებისთვის.

მარტში სემინარები გაიმართა თბილისში, ბათუმში, ოზურგეთსა და ზუგდიდში, ხოლო ამ დღეებში სწავლება დასრულდა გორში, ახალციხეში, რუსთავსა და თელავში. სემინარებს უძღვებოდნენ ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, მწვრთნელები: გია მამაცაშვილი, ლანა მარგიანი, ინა ჭკუასელი და გიორგი გვაზავა.

გაიმართა პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები. სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სასწავლო მეთოდური ლიტერატურა, ინვენტარი და წარმომადგენლობითი მაისურები.

მეცადინეობები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ახალი სასწავლო წელს, სექტემბრიდან გაგრძელდება. სემინარების მიზანია, უმცროსი ასაკის ბავშვებმა სკოლის საწყის კლასებშივე მიიღონ ხელბურთის ელემენტარული უნარ-ჩვევები, რაც გაუღვიძებთ ხელბურთში ჩართვის სურვილს და გაუადვილებთ ადაპტირებას უკვე ბავშვთა სპორტულ გუნდებში მოხვედრისას. 

Leave a Reply