პლაჟის ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ
7 ივლისს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიემგზავრება საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელსაც 8-10 ივლისს თექვსმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვს. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან სლოვაკეთი, საბერძნეთი და პორტუგალია.
8-9 ივლისს ჯგუფური ტურნირის მატჩებია. 2-2 საუკეთესო ჩემპიონობისთვიც ბრძოლას განაგრძობს, ხოლო დანარჩენები 9-16 ადგილებს გაითამაშებენ. გვესაუბრება ნაკრების უფროსი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე:
– ტურნირისთვის მზადება ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში დავიწყეთ, როდესაც პირველი შერჩევა ჩავატარეთ 2000 წელს დაბადებულთა შორის. ივნისში ნაკრებმა საქართველოს ჩემპონატის პირველი ტური ტური ითამაშა ყვარელში, შემდეგ ვემზადებოდით გლდანში, ხოლო 25 ივნისიდან ათდღიანი შეკრება გვქონდა ურეკში.
ურეკში სერიოზულად მოვემზადეთ. დილით გვქონდა თეორიული მეცადინეობა, სადაც განვიხილავდით მსაჯობის დეტალებსაც. პლაჟის ხელბურთი შედარებით ახალი სპორტია და წესები აქ ხშირად იცვლება, ამიტომაც მუდმივად საქმის კურსში უნდა იყო. ვემზადებოდით ფიზიკურად და წმინდა სათამაშო ვარჯიშებიც გვქონდა. გავმართეთ ორი საკონტროლო შეხვედრაც ფოთის „ოქროს ვერძთან“.
ჩვენ შევარჩიეთ 15 საუკეთესო მოთამაშე, ხოლო პორტუგალიაში მიდის 10 ხელბურთელი. დანანებით მინდა ვთქვა, რომ განაცხადში, წმინდა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხვდა ორი მოთამაშე – წყალტუბოელი გიორგი ხელაძე და ფოთელი რევაზ დიდია. ამის მიზეზი ისაა, რომ მონაწილეები არასრულწლოვანები არიან და ვიზის მისაღებად ძალიან რთული ბიუროკრატიული ბარიერები გვქონდა.
საბრძოლველად მზად ვართ, ოღონდ წინასწარ არაფრის პროგნოზირება არ შემიძლია – ამ ასაკში წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პირველ დღეს ვეთამაშებით სლოვაკეთსა და საბერძნეთს და ამ ორი მატჩის შედეგმა შეიძლება განსაზღვროს კიდეც, თუ პლეიოფის რომელ ნაწილში მოვხვდებით – 1-8 თუ 9-16 ადგილებისთვის მებრძოლთა შორის. სამი მეტოქიდან საბერძნეთსა და მასპინძელ პორტუგალიას, როგორც სანაპირო ქვეყნებს, პლაჟის საკმაოდ ძლიერი გუნდები ჰყავთ, თუმცა, როგორც გითხარით, ამ ასაკის გუნდებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შარშან, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, მამუკა მჟავანაძისა და ლევან გელაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატზე მე-8 ადგილი დაიკავა.
თექვსმეტწლამდელთა ნაკრებს პორტუგალიაში გამგზავრების წინ შეხვედრა მოუწყვეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. გუნდს მიმართა სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ: – მინდა, კეთილი მგზავრობა და წარმატებული გამოსვლა გისურვოთ. სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ ხელბურთის ფედერაცია, არცთუ დიდი დაფინანსების პირობებში, მონაწილეობს ყველა საერთშორისო ტურნირში. პლაჟის ხელბურთი მნიშვნელოვანი სახეობაა, რომელიც 2018 წელს, არგენტინაში დანიშნული ახალგაზრდული ოლიმპიადის პროგრამაშიცაა და ეს ევროპის ჩემპიონატიც შერჩევის ერთ-ერთი ეტაპია არგენტინისთვის. თქვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ასაკში ხართ – მალე სკოლას დაამთავრებთ და ცალკე დიდი სპორტის სათავეებთან ხართ, ამიტომაც მინდა წარმატება გისურვოთ ორივე საქმიანობაში. გახსოვდეთ, რომ უცხოეთში, ნებისმიერ სიტუაციაში, თქვენს სამშობლოს წარმოადგენთ. გისურვებთ წარმატებით დაბრუნებას.
პლაჟის ხელბურთი. ევროპის 16 წ ჩემპიონატი
ნაზარე, პორტუგალია. 8-10 ივლისი, 2016
A ჯგუფი: პორტუგალია, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი
8 ივლისი. 17:00 საქართველო – სლოვაკეთი
8 ივლისი. 22:00 საბერძნეთი – საქართველო
9 ივლისი. 14:00 პორტუგალია – საქართველო
9-10 ივლისი – პლეიოფი
B ჯგუფი: შვეიცარია, რუსეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი
C ჯგუფი: ესპანეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა
D ჯგუფი: უნგრეთი, ხორვატია, გერმანია, იტალია
ჭაბუკთა (2000-01) ნაკრები პორტუგალიაში
1.ირაკლი დიხამინჯია 3. გიორგი ლაპიაშვილი 4. ლუკა კახოშვილი 7. გიორგი ცხოვრებაძე 8. გიორგი კაჭკაჭაშვილი 9. გიორგი ქათამაძე 10. გიორგი კუხალაშვილი (პეგასი) 2. თორნიკე ბერიძე (ბათუმი) 5. დავით ნიაზაშვილი (გორი) 6. ლუკა ლორთქიფანიძე (ფოთი)
მთავარი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე
მწვრთნელი გიორგი წივწივაძე
გუნდის ლიდერი ლევან გელაშვილი