კიდევ ერთი ქართველი ხელბურთელი ჩემპიონთა ლიგაში – გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის ჩემპიონ „ზაგრებში“ ითამაშებს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ რამდენიმე დღის წინ გერმანულ „გუმერსბახთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას ხორვატიის ჩემპიონ „ზაგრებში“ განაგრძობს – ინფორმაციას – handball-world.news-ი ავრცელებს.

„ხორვატიის ჩემპიონმა „ზაგრებმა“ ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტება გიორგი ცხოვრებაძის ტრანსფერით დაასრულა, რომელიც გუნდში გერმანული „გუმერსბახიდან“ გადავიდა.

„იგორ კარაჩიჩის შემდეგ, მეორე დიდი სახელი, ვინც ახალ სეზონში „ზაგრებში“ ითამაშებს, საქართველოს ნაკრების ლიდერი გორგი ცხოვრებაძეა. 23 წლის მოთამაშე ხორავტული გუნდის თამაშს სიახლეს, სისწრაფესა და გოლების გატანის შესაძლებლობას შესძენს. ანდრია ნიკოლიჩის სამწვრთნელო გუნდს ახალ სეზონში ქართველი ხელბურთლის დიდი იმედი აქვს“, – წერს გამოცემა ცხოვრებაძის ტრანსფერზე.

„ზაგრები“ ახალ სეზონში ხორვატიის ჩემპიონატთან ერთად ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშებს, სადაც პირველ მატჩს 11 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიაში „პელისტერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს – გიორგი ცხოვრებაძე კიდევ ერთი ქართველი ხელბურთელი გახდება, ვინც ამ პრესტიჟულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

„ზაგრებში“ ცხოვრებაძის მატჩებს, როგორც ხორვატიის ჩემპიონატში ასევე ჩემპიონთა ლიგაში, „სილქ ტვ“ პირდაპირ ეთერში შემოგთვაზებთ.

Leave a Reply