ოცწლეულის მთავარი მატჩი
ხვალ, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთს ეთამაშება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სახელბურთო შეხვედრა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში არ გამართულა.
ჩვენი ეროვნული გუნდი იმყოფება ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე: საქართველო – ფინეთის ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული მოიპოვებს ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას. საპასუხო მატჩი 19 იანვარსაა ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში.
ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები წლეულსვე გადავა უფრო მნიშვნელოვან ასპარეზზე: 2020 წლის ოქტომბრიდან თბილისში გვეწვევიან ევროპის უძლიერესი გუნდები. ეს იქნება თვისობრივად ახალი დონე ქართული ხელბურთისთვის, შეიძლება ითქვას, ელიტაში მოხვედრა. ამ მიზნის მისაღწევად ბოლო წლებში დიდი შრომა გაიწია და, ჩვენი ეროვნული გუნდიც, მზადაა ამოცანის შესასრულებლად.
მთავარ შესარჩევ რაუნდში 32 ადგილია – არ ითამაშებენ მხოლოდ ფინალური ტურნირის მასპინძლები, უნგრეთი და სლოვაკეთი, ასევე ევროპის 2020 წლის ჩემპიონი და ფინალისტი. დანარჩენი 32 გუნდი განაწილდება 8 ჯგუფად და ორ წრედ ითამაშებს. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი – ანუ 32-დან 20 ნაკრები. შესაბამისად, ევრო 2022-ზე მოხვედრა სულაც არაა არარეალური მიზანი, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესს.
სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. მატჩის რეპორტაჟს გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი. პირველ არხზე ზუსტად ამ დროს საბერძნეთ-საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებების თამაშია ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპიდან, თუმცა, იქნება პირდაპირი სტრიმი მაუწყებლის იუთუბის არხზე და ფეისბუკზე.
მეორე არხი ინტერნეტში: http://www.myvideo.ge/tv/meore
პირველი არხის სტრიმი: https://www.youtube.com/user/GeorgianPB
საპასუხო შეხვედრა 19 იანვარს, ჩვენი დროით 18 საათზეა ქალაქ რიიჰიმიაკიში: https://www.ehftv.com/int/livestream/finland-georgia/1865054
ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი
16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე
19:00 საქართველო-ფინეთი
საქართველო: 12 ზურაბ ცინცაძე, 22 შოთა თევზაძე – 5 ნიკოლოზ კალანდაძე, 7 ხაზეინ რუსტამოვი, 8 ირაკლი ჩიქოვანი, 9 გიორგი მიქავა, 10 ირაკლი კბილაშვილი, 11 გიორგი ცხოვრებაძე, 14 თეიმურაზ ორჯონიკიძე, 18 უჩა მაისურაძე, 20 ერეკლე არსენაშვილი, 23 რევაზ ჭანტურია, 24 ირაკლი გოგოლაძე, 30 ზურაბ აბრამიშვილი, 31 გიორგი დიხამინჯია, 77 ლექსო წითელიშვილი – მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი
ფინეთი: 12 პატრიკ როსლანდერი 30 მიქაელ მაკელა – 3 მირო კოლიონენი, 6 ოსკარ კილსტედტი, 7 ფრედრიკ ფორსი, 10 ნიკო რონბერგი, 11 ბენიამინ ჰელანდერი, 13 იან-რობინ შომანი, 14 ანტონი ჰელაკოსკი, 15 რიხარდ სუნდბერგი, 17 იან მარტინი, 19 რონი სიურიალა, 20 რობინ გრანლუნდი, 21 მაქს გრანლუნდი, 23 სებასტიან საკინენი, 35 ტეემუ ტამინენი – მთავარი მწვრთნელი ოლა ლინდგრენი, მწვრთნელი ტედი ნორდლინგი, მწვრთნელი: ქრისტიან ანდერსონი, ფიზიო: ლინა კოსკინენ-ჰოლმკვისტი
მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ), დელეგატი: ქენან გიოქმენი (თურ)
19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა
18:00 ფინეთი – საქართველო
მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), დელეგატი: მიკუჩონისი (ლიტ)
16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი – ესტონეთი, 15, 19 იანვარი. ბელგია – კვიპროსი
სამი გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში
მთავარი შესარჩევი რაუნდი: ოქტომბერი 2020 – ივნისი 2021
მონაწილეობს 32 გუნდი, თამაშდება ფინალის 20 საგზური
ევრო 2022: იანვარი 2022, უნგრეთსა და სლოვაკეთში
მონაწილეობს 24 გუნდი