ორჯონიკიძის 11 გოლი
რუმინეთსა და მაკედონიაში საკლუბო სეზონს აგრძელებს 4 ქართველი ხელბურთელი. მაკედონიის პრილეპის 20 წლის ქართველი დებიუტანტი, მარცხენა შუამარბი თემურ ორჯონიკიძე საუკეთესო იყო პელისტერთან თამაშში, სადაც 11 გოლი გაიტანა.
ეს იყო მაკედონიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი, რომელშიც პრილეპი რევაზ ჭანტურიას კლუბს, პელისტერს ხვდებოდა. მასპინძლებმა 17-12 მოიგეს პირველი ტაიმი, მაგრამ მეორეში პრილეპის ლიდერებმა, ალექსანდრ ბოზაროსკიმ (10 გოლი) და ორჯონიკიძემ გარდატეხეს თამაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართველის ბოლო ორი გოლი, რომლების შემდეგაც ანგარიში ჯერ 30-28 გახდა, შემდეგ კი – 31-29, საბოლოოდ კი პრილეპმა 32-30 მოიგო.
მესამე ტურში პრილეპი საკუთარ მოედანზე დამარცხდა ეუროფარმ რაბოტნიკთან 19-25, ორჯონიკიძემ 6 გოლი გაიტანა და 3 მატჩში 23 დაუგროვდა. რევაზ ჭანტურიას ბიტოლამ სტუმრად მოუგო პროლეტს – 23-20. ქართველების ორივე კლუბს 3 მატჩიდან 2 მოგება და 6-6 ქულა აქვს. ფინალურ ექვსეულში ორწრიანი ტურნირის შემდეგ პირველი ეტაპის 4 საუკეთესო გუნდი გადის.
რუმინეთში, ჯერჯერობით პლეიოფში გამსვლელი მერვე ადგილის მიღმა არიან შოთა თევზაძის რეშიცა და ირაკლი ჩიქოვანის დუნარეა კელერაში. დუნარეა ორჯერ დამარცხდა – შინ სუჩავასთან, 26-30 და სტუმრად დობროჯიასთან- 22-25. ჩიქოვანმა ამ ორ მატჩში გატანა 5 გოლი, 6 მატჩში დაუგროვდა 34 და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო მთელ ჩემპიონატში ეს მაჩვენებელი მეათეა. კელერაშის 6 მატჩიდან 2 მოგება აქვს დ 11 ადგილზეა 6 ქულით.
7 ქულით მეათეა რეშიცა, რომელიც ვასლუისთან მეხუთე ტურში სტუმრად 23-32 დამარცხდა, მაგრამ მეექვსეში, საკუთრ მოედანზე, სენსაცია გამოაცხო და ხუთი მოგების შემდეგ პირველი ქულები დააკარგვინა რუმინეთის ჩემპიონსა და ჩემპიონთა ლიგის მონაწილეს, ბუქარესტის დინამოს – 33-33, ამის მიზეზი კი, როგორც რუმინული მედია წერს, იყო რეშიცას ორი მეკარე – შოთა თევზაძე და ანდრეი დრაგიჩი.