ორი ნაკრების პირველი უცხოური ტურნე
საქართველოს 17-წლამდელ ხელბურთელთა ნაკრები გუნდები, გოგონებისა და ბიჭების, დაბრუნდნენ საფრანგეთიდან, სადაც ტურნეზე იმყოფებოდნენ ქალაქ სენ დიე დე ვოჟში.
ორივე ნაკრებისთვის ეს პირველი გასვლა იყო უცხოეთში. მათ წელსვე უწევთ ოფიციალურ ტურნირებში ჩაბმა. გოგონებს აგვისტოში, ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატი აქვთ, ჭაბუკებს – ივლისში, შვედეთში, ევროპის ღია პირველობა, 2018 წელს კი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატიც უწევთ საქართველოში.
ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში მიგვიწვია ქალაქ სენ დიე დე ვოჟის სახელბურთო კლუბის პრეზიდენტმა პატრიკ ძანკეტამ, მწვრთნელებმა ალექს ბერნარმა და ჩვენმა თანამემამულემ ლარა ალბოროვამ. გვქონდა ერთობლივი ვარჯიშები, თითო ოფიციალური მატჩი. ხელბურთელები ცხოვრობდნენ ფრანგი თანატოლების ოჯახებში, ეცნობოდნენ იქაურ კულტურას, ყოფა-ცხოვრებასა და სახელბურთო ვარჯიშების მეთოდიკას, დაათვალიერეს ქალაქი სტრასბურიც. ხელბურთელები მიიღო სენ დიეს მერმა დავიდ ვალანსმა, გაიმართა რამდენიმე მეგობრული საღამო.
ორივე გუნდში არიან 2000 წელს დაბადებული და უფრო უმცროსი ხელბურთელები. ჭაბუკებმა თამაში გამართეს რეგიონის 17-წლამდელთა ნაკრებთან. მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მაღალი გუნდი იყო, სერიოზულად მომზადებული. ჩვენს გუნდს აკლდა ორი ლიდერი, ცხოვრებაძე და ლაპიაშვილი, რომლებიც ასაკით ორი წლის უფროს, ჭაბუკთა ნაკრებში ემზადებიან მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ფრანგებთან საუეთესოდ ითამაშა ნიკოლოზ კალანდაძემ, კარგა ხანი თანაბარი თამაში იყო და ლიდერები რომ გვყოლოდა, შესაძლებელი იყო, მოგებისთვიაც გაგვებრძოლა.
ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა გუნდს ამ ტურნემდე ორად-ორი ამხანაგური მატჩი ჰქონდა ნათამაშები სომეხ თანატოლებთან, სენ დიეში კი შეხვდა ლუქსემბურგის ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებს და 24-30 დამარცხდა. მწვრთნელები უკმაყოფილონი არ დარჩენილან მატჩით – აგვისტომდე გუნდი ბევრად მოუმატებს, მთავარი კი ის იყო, რომ ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ერთ-ერთი ლიდერი, ჯულია ჩირგაძე.
ტურნეს არა მარტო სპორტული, მეგობრულ-შემეცნებითი ხასიათიც ჰქონდა. ქართველი და ფრანგი ხელბურთელები ერთი კვირის განმავლობაში ძალიან დამეგობრდნენ და ახლა მოუთმენლად ელიან ოქტომბერს, როდესაც ფრანგები საპასუხო ვიზიტით გვეწვევიან.
ხელბურთი. ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებები საფრანგეთში, 9-16 აპრილი, 2017
ჭაბუკები. ირაკლი დიხამინჯია, ლუკა გორგოძიანი, გიორგი ქათამაძე, ლუკა კახოშვილი, გიორგი კუხალაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ალექსანდრე დგებუაძე, მიხეილ კაკაბაძე, გიორგი მეგრელიშვილი დავით ჟვანია (პეგასი), ნიკოლოზ ჟვანია (ფოთი) ნიკოლოზ ასაბაშვილი (ქარიშხალა), მირიან გავაშელიშვილი (რუსთავი) – მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე
გოგონები. მარიამ ჩავჩიძე, ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო), ანა დოლიძე (აჭარა), ნენო ჯგერენაია, ნინო სურგულაძე (ფოთი), ხატია ჯიქურაშვილი, ნინო გაგნიძე, ანა ქებაძე (პეგასი), ელენე ჯავახიშვილი, ნინო შახულოვი, ქეთი იაშვილი (მამული), ქეთევან კერესელიძე, ანა ჩხაიძე, მარიამ ცინცაძე (ქარიშხალა) – მწვრთნელები: გელა ჟვანია, ინა ჭუასელი, გიორგი გვაზავა, ლანა მარგიანი
ევროპის ღია პირველობა 2017. 17წ, კაცები
გოტენბურგი, შვედეთი, 2-7 ივლისი
მონაწილეები: ნორვეგია, შვედეთი, რუმინეთი, ისლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი, ბელარუსი, სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, საქართველო, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ფინეთი, ისრაელი, ფარერის კუნძულები
ევროპის ჩემპიონატი 2017. 17წ, ქალები
ჩემპიონატი ლიტვაში (კლაიპედა), 14-20 აგვისტო
A ჯგუფი: პორტუგალია, ბელარუსი, თურქეთი, იტალია, საქართველო
B ჯგუფი: უკრაინა, ლიტვა, ფინეთი, ლატვია, ბრიტანეთი
ჩემპიონატი მაკედონიაში (სკოპიე), 14-20 აგვისტო
A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, შვეიცარია, საბერძნეთი, ფარერები
B ჯგუფი: სლოვენია, ბულგარეთი, ისლანდია, ისრაელი, კოსოვო
უძლიერესი 16, 10-20 აგვისტო, სლოვაკეთი (მიჰალოვცე): რუსეთი, დანია, ნორვეგია საფრანგეთი, შვედეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, რუმინეთი, გერმანია, ხორვატია, სერბეთი, ავსტრია, მონტენეგრო, სლოვაკეთი, ჩეხეთი