ნიკოლოზ კალანდაძე კარიერას „პროვანს ექსში“ გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ კალანდაძე კარიერას კვლავ საფრანგეთის ჩემპიონატში, ოღონდ ახალ კლუბში გააგრძელებს.

ქართველი ხელბურთელის ტრანსფერის შესახებ ფრანგულმა „პროვანს ექსმა“ საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად გამოაცხადა:

„პროვანს ექსი“ ოფიციალურად ადასტურებს, რომ „შამბერიდან“ ჩვენს კლუბს ნიკოლოზ კალანდაძე შემოუერთდება. ქართველ ხელბურთელთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო ხანგრძლოვის პერიოდი გაუცდა, 22 წლის ხელბურთელი მზადაა, მიიღოს ახალი გამოწვევა. ნიკოლოზმა უკვე დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის მოთამაშეა, ტრავმის მიღებამდე საფრანგეთის ჩემპიონატში რამდენიმე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, რაც ადასტურებს, რომ მას დიდი მომავალი აქვს.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკოლოზ“! – აღნიშნულია კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალ გუნდში გადასვლასთანა დაკავშირებით კომენტარი ნიკოლოზმაც გააკეთა:

„როდესაც „პროვანს ექსის“ წარმომადგენლები ჩემი ტრანსფერით დაინტერესდნენ, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს დავუკავშირდი, რომლებთან ერთადაც „შამბერიში“ ვთამაშობდი. მათთან საუბრის შემდეგ ახალი პროექტით დავინტერესდი. სასიამოვნო იყო, რომ მეორედ მიღებული ტრავმის შემდეგ, „პროვანს ექსის“ ხელმძღვანელობამ ნდობა გამომიცხადა.

მინდა, თამაშით სიამოვნება მივიღო და ჩემი ძალისხმევა გუნდის წარამატებისკენ და გამარჯვებებისკენ მივმართო“.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში „პროვანს ექსს“ 15 თამაშის შემდეგ 14 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.


Leave a Reply