მწვრთნელთა ტრენინგის პირველი ეტაპი წყალტუბოში
წყალტუბოში, სასტუმრო პრომეთემ უმასპინძლა ხელბურთის მწვრთნელთა სემინარ-ტრენინგის პირველ ნაწილს. მონაწილეობდა ორმოცამდე მწვრთნელი საქართველოს ყველა რეგიონიდან და სახელბურთო კლუბიდან.
ტრენინგის ორგანიზაცია მოხერხდა საქართველოს ხელბურთის ფედერაციისა და სპორტის უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად. სამდღიან მეცადინეობას უძღვებოდნენ სპორტის აკადემიის პროფესორ- მასწავლებლები ქეთევან ინასარიძე, ქეთევან ქობალია, ლიანა კაკიაშვილი, ნინო ქოჩაკიძე, ქეთევან ბერიძე, გიორგი ზუბიტაშვილი, ნელი გრიგალაშვილი.
ტრენინგს ხელმძღვანელობს სპორტის უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი და ფედერაციის მეთოდკომისიის თავმჯდომარე, მერაბ მეტრეველი. ხელბურთის ფედერაციის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობდა ამავე კომისიის წევრი, ბექარ ორონიკიძე.
ტრენინის პირველი ნაწილის თემატიკა ვრცელი იყო – მონაწილეებმა მოისმინეს საწყისი კურსი საერთო და სპეციალურ ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიაში, პეგაგოგიკაში, ფიზიოლოგიაში, მორფოლოგიაში, სპორტსმენთა კვებასა და სამედიცინო დახმარებაში, საწვრთნელი პროცესის დაგეგმვასა და სახელბურთო ვარჯიშების თეორია-პრაქტიკაში.
მონაწილეთა შორის იყო თითქმის ყველა სახელბურთო მწვრთნელი, რომელიც ბავშვებთან მუშაობს, ასევე – რამდენიმე მოქმედი ხელბურთელი, რომელსაც მოზარდებთან მუშაობის სურვილი გაუჩნდა.
ტრენინგი ოთხი სტადიისგან შედგება. მეორე ნაწილი გაიმართება 14-16 ივნისს თბილისში, ცერცვაძის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრში, მესამე – თელავში, ანთაძის სახელობის ცენტრში, ხოლო დასკვნით შემაჯამებელ მეცადინეობას, ივლისის პირველ დეკადაში ქუთაისი უმასპინძლებს.
ყველა მოქმედი მწვრთნელი, ვინც წარმატებით დაძლევს პროგრამას, მიიღებს C კატეგორიის ლიცენზიას, რომელიც 16-წლამდელ მოზარდებთან მუშაობის უფლებას იძლევა, ხოლო დამწყებებს იგივე კატეგორია ბავშვთა გუნდებში ერთწლიანი პრაქტიკის შემდეგ მიენიჭებათ.