მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მეტოქე ესპანეთი იქნება
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს და მის გულშემატკივარს 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელით. ჩვენს უმთავრეს გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ისრაელთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, გამარჯვების შემთხვევაში კი ესპანეთს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის საფლეიოფო კენჭისყრაში საქართველო vs ისრაელს შორის გამარჯვებული გუნდის მეტოქე დღეს გამოვლინდა ჰერნინგში (დანია). კენჭისყრის თანახმად, საქართველოს მეტოქედ ერგო ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ჩემპიონი და სამი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ესპანეთი.
ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, საამისოდ კალენდარში მონიშნულია 13-14 მაისი, განმეორებითი შეხვედრისთვის კი 16-17 მაისი. წყვილში გამარჯვებული გაისად, გერმანიის ექვს ქალაქში, მსოფლიო ჩემპიონატზე (13-31 იანვარი) ითამაშებს, იქამდე კი საქართველოს ორმატჩიანი დაპირისპირება ელის ისრაელთან.
ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 19 მარტს, თელავში ჩაატარებს, განმეორებითს, 21 მარტს თელავივში.