მსოფლიო ჩემპიონატამდე თვენახევარი დარჩა
ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიამ უმასპინძლა. 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს 8-20 აგვისტოს თბილისის ახალი სპორტის სასახლე მიიღებს.
მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით თბილისს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც 21-22 ივნისს თამაშების მასპინძელი არენა შეამოწმეს და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას გაეცნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ ბერტელსენი და მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური დელეგატები – პოლონელი მარეკ გურალჩიკი და იტალიელი მარკო ტოზი ბრანდი.
პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ისაუბრეს.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=Wk32bereBgU
„პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას ასეთი დიდი ნდობისთვის – მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ნამდვილად არაა იოლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელბურთის ფედერაცია, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი ამ დიდ ნდობას გაამართლებს და დაკისრებულ ამოცანას უმაღლეს დონეზე გაართმევს თავს. საქართველომ ბოლო წლებში არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, 2017 წელი კი ამ კუთხით უდავოდ გამორჩეულია. საქართველოში სტუმრობით ჯერ არავინ დარჩენილა უკმაყოფილო და ამიტომაც მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 23 ქვეყნის გუნდისთვის აქ გატარებული დღეები სასიამოვნო იქნება და კარგ მოგონებად იქცევა. ასევე ვიმედოვნებ, რომ ბევრ მათგანს საქართველოში დაბრუნების და ერთობლივი საწვრთნელი შეკრების მოწყობის სურვილი ექნება. საქართველოს მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართული სპორტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩვენი ხელბურთის მთავარი პარტნიორია და მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა ყველა საინტერესო ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენი სურვილია, რომ საქართველო რეგიონში სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, მსოფლიო ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მიღება კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. და ბოლოს, მსურს მივმართო გულშემატკივრებს, რომ 8-20 აგვისტოს მობრძანდნენ ახალ სპორტის სასახლეში, ისიამოვნონ ამ ლამაზი სახეობით და მხარი დაუჭირონ ჭაბუკ ხელბურთელებს”, – განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანის დროს იგრძნობოდა საქართველოს მთავრობის დაინტერესება და მხარდაჭერა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ დიდი ყურადღებისთვის, რასაც პირადად ის და მთლიანად სამინისტრო იჩენს მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისადმი. 24 გუნდის მიღება ნამდვილად არაა იოლი და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ზურაბ კაკაბაძის და მისი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოსამზადებელი პროცესი ჩინებულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ეს ბოლო საკონტროლო ვიზიტი იყო. ჩვენ კმაყოფილები ვართ ნანახით და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული”, – განაცხადა საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ პერ ბერტელსენმა.
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ქეთევან კობერიძის თქმით, მონაწილე გუნდებთან ყველა საკითხი შეთანხმებულია, საერთაშორისო ფედერაციასთან კი კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. A ჯგუფში მოხვდნენ: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია; B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი; C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა; D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.
8-14 აგვისტოს ჯგუფური ტურნირის მატჩები გაიმართება; 16-17 აგვისტოს მერვედფინალები და მეოთხედფინალები, ასევე „პრეზიდენტის თასი” მე-17-24 ადგილებისთვის; 19 აგვისტოს ნახევარფინალები და მატჩები მე-5-8 ადგილებისთვის, 20 აგვისტოს, ფინალურ დღეს კი ჩემპიონი, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილოსნები გამოვლინდებიან.
18-20 აგვისტოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართება. თბილისს მსოფლიო ხელბურთის ელიტა ესტუმრება: პრეზიდენტი, დოქტორი ჰასან მუსტაფა, ასევე ვიცე-პრეზიდენტები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ხუთივე კონტინენტური კონფედერაციის ხელმძღვანელები.
საქართველომ ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2013 წელს მოიპოვა.
სპორტის სამინისტროს პრესსამსახური