მორიგი გამოწვევა გოგონათა ნაკრებისთვის
16 მარტს ბელარუსში, ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე სათამაშოდ მიემგზავრება ქალთა ახალგაზრდული ნაკრები. 17-19 მარტს ჩვენი ხელბურთელების მეტოქეები იქნებიან ბელარუსი, პორტუგალია და შვეიცარია. ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.
ყველა სხვა ოთხგუნდიან შესარჩევ ჯგუფში ორ-ორი საგზური თამაშდება, და თეორიულად შეიძლებოდა, უკეთესი წილისყრაც გვქონოდა, თუმცა, სამაგიეროდ ჩვენს ჯგუფში არ მოხვედრილა ევროპული ქალთა ხელბურთის არცერთი გრანდი, ბელარუსთან, პორტუგალიასთან და შვეიცარიასთან ბრძოლა კი შეიძლება.
ნაკრებმა შეჯიბრების წინ რამდენიმე მოსამზადებელი შეკრება გაიარა და ოთხი საკონტროლო მატჩიც გამართა აზერბაიჯანის ასაკით უფროს, ქალთა კლუბებთან. ბელარუსში 14 მოთამაშე მიემგზავრება და ეს შემადგენლობა ამ მომენტისთვის ოპტიმალურია, რადგანაც, კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ ტრავმების გამო დაგვაკლდებოდა სამი წამყვანი მოთამაშე – თამარ ჩოგოვაძე, თათია გადელია და ჯულია ჩირგაძე.
საქართველოს გოგონათა ნაკრებს 2015-16 წლებში ოფიციალურ ტურნირებში თამაშის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. გუნდს ნათამაშები აქვს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების თითო შესარჩევი ტურნირი, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი და ქალთა ტროფი თბილისში, ევროპის ღია პირველობა გეტებორგში, დამარცხებული ჰყავს საკმაოდ ძლიერი ევროპული გუნდები – სლოვაკეთი, ლატვია, ბელგია; უთამაშია თითქმის ყველა გრანდთან და ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ბოლო წუთამდე, ნებისმიერი ბურთისთვის ებრძოდა ყველას, განურჩევლად ტიტულებისა.
გიორგი გვაზავა გუნდს 2015 წლის გაზაფხულიდან წვრთნის. მისი თქმით, გუნდი ბელარუსში საბრძოლველად მიდის, სამივე მეტოქეს, უშუალოდ ნანახისა თუ ვიდეოების გაშიფრვის შემდეგ, კარგად იცნობს და არ მიაჩნია, რომ რომელიმე მათგანთან მოსაგებად თამაში არ შეიძლება, თუ ჩვენი ნაკრები შესაძლებლობათა მაქსიმუმს გამოავლენს.
საკვალიფიკაციო ტურნირის არცერთ მეტოქესთან საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მატჩი არ უთამაშია. რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გვაქვს ნათამაშები ბელარუსთან. 2013 წელს უკრაინაში მათთან 19-27 წავაგეთ, ხოლო 2015 წლის იანვარში ხუთმატჩიანი ტურნე გვქონდა ბელარუსში. ნაკრებთან 29-33 და 30-37 დავამარცხეთ, თუმცა მოვუგეთ მინკისა (35-33) და მინსკ-გროდნოს გაერთიანებულ გუნდებს (30-29), რაც ფაქტობრივად იგივე ბელარუსის ნაკრები იყო.
თამაშები ქალაქ ჟლობინში, ოლიმპიური მზადების ცენტრში გაიმართება. ამ დონის ტურნირების მასპინძელი ფედერაცია ვალდებულია, აწარმოოს ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმინგი. საყურებელ ბმულებს უშუალოდ მატჩების დაწყების წინ მოგაწვდით.
ფინალური ტურნირი ივლის-აგვისტოში გაიმართება სლოვენიაში. მასპინძლები და ევროპული რეიტინგის ორი ლიდერი, დანია და რუსეთი პირდაპირ ფინალში არიან დაშვებულები, დანარჩენი 13 საგზური კი 8 საკვალიფიკაციო ჯგუფში, 17-19 მარტს გათამაშდება.
საქართველოს ნაკრები ბელარუსში
მეკარეები: 12. ანა ვარდიშვილი (1999, მამული) 16. ქრისტინე ჯავახია (1998, ფოთი) 22. მარიამ ჩაჩუა (1999, პეგასი)
მოთამაშეები: 7. თინათინ ქიტესაშვილი (1999, ყვარელი – CB, RB) 15. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი – CB, LW) 17. მედეა ჩოხელი (კაპიტანი, 1999, პეგასი – P) 18. ქეთევან ვენეცკი (1998, პეგასი – RW, RB) 19. ანა ყველაშვილი (1998, მამული – CB) 20. ელენე ჯავახიშვილი (2000, მამული – LW, LB) 23. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი – RB) 24. ოლჰა შლუხტინა (1998, რეალ მიკოლაივ, უკრ – LW, LB) 29. ქეთი კუნელაშვილი (1999, ყვარელი – LB) 31. სვიტლანა პეტრენკო (1998, ბროვარი, უკრ – LW) 39. კატერინა ესმანოვიჩი (1999, მამული – P, RB)
მთავარი მწრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელი ინა ჭკუასელი, ექიმი გურამ ადამია, მენეჯერი ლანა მარგიანი
—
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2017, ქალები, 19წ
27 ივლისი – 5 აგვისტო. ცელიე, სლოვენია (უკვე ფინალში არიან დანია, რუსეთი, სლოვენია)
საკვალიფიკაციო ტურნირები, 17-19 მარტი, 2017
6 ჯგუფი (ჟლობინი, ბელარუსი): პორტუგალია, ბელარუსი, შვეიცარია, საქართველო
17 მარტი. 16:30 პორტუგალია-შვეიცარია, 19:00 ბელარუსი-საქართველო
18 მარტი. 14:00 საქართველო-პორტუგალია, 16:30 შვეიცარია-ბელარუსი
19 მარტი. 13:00 შვეიცარია-საქართველო, 15:00 ბელარუსი-პორტუგალია
—
1 ჯგუფი (მაკედონიაში): უნგრეთი, მაკედონია, ფარერები, მოლდოვა
2 ჯგუფი (ესპანეთში): რუმინეთი, ესპანეთი, ლიტვა, ისლანდია
3 ჯგუფი (სლოვაკეთში): საფრანგეთი, სლოვაკეთი,მონტენეგრო, ბელგია
4 ჯგუფი (ხორვატიაში): ხორვატია, ჰოლანდია, ფინეთი, უკრაინა
5 ჯგუფი (ჩეხეთში): შვედეთი, ჩეხეთი, ავსტრია, სერბეთი
7 ჯგუფი (საბერძნეთში): ნორვეგია, საბერძნეთი, თურქეთი
8 ჯგუფი (გერმანიაში): გერმანია, პოლონეთი, ლატვია
ფინალურ ტურნირზე 1-5 ჯგუფიდან გადის 2-2 გუნდი, 6-8 ჯგუფებიდან – თითო