მთავარი ფავორიტი ლიგას გამოეთიშა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე ფავორიტი, პარი სენ ჟერმენი დამარცხდა პოლონეთის კელცესთან. ფინალურ ოთხეულში გავიდნენ ესპანეთის ბარსელონა, უნგრეთის ვესპრემი და მაკედონიის ვარდარი. 

მიმოხილვა, პირველი მატჩები: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-17/1529969

საპასუხო მატჩები: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-18/1530081

ვარსკვლავური შემადგენლობის მქონე პარიზულმა კლუბმა, რომელსაც ლიგა არასოდეს მოუგია, თოთხმეტიდან 13 მოგებით დაასრულა ჯგუფური ეტაპი, მაგრამ მეოთხედფინალის პირველ მატჩში სრული ფიასკო განიცადა ლიგის 2016 წლის გამარჯვებულთან – 24-34. პარიზელებმა საპასუხო შეხვედრის პირველი ტაიმი 18-11 მოიგეს, ხოლო 49-ე წუთზე სასურველი სხვაობით, 11 ბურთით იყვნენ წინ. პარი სენ ჟერმენის მარჯვენა ინსაიდმა, ნედიმ რემილიმ მარტო მეორე ტაიმში 10 გოლი გაიტანა, სულ მატჩში კი 14 დარტყმიდან  13 შეაგდო. სენსაცია ახლოს იყო, მაგრამ გადამწყვეტი გამოდგა მიქელ ჰანსენის ორწუთიანი გაძევება მატჩის ბოლოს, არასწორი შეცვლისთვის – კელცემ სხვაობა შეამცირა და ნახევარფინალში გავიდა – 26-35.

თითქმის ანალოგიური ამოცანა ჰქონდა უნგრეთს სეგედს მაკედონიის ვარდარის წინააღმდეგ: უნგრულ კლუბს 8 ბურთით ჰქონდა წაგებული პირველი მატჩი (23-31), საპასუხო შეხვედრის პირველი ნახევრის შემდეგ ზუსტად რვით იგებდა – 17-9, მაგრამ ლიგის 2017 წლის ჩემპიონმა, ვარდარმა შესვენების ემდეგ სწრაფად შეამცირა სხვაობა –  25-29.

დანარჩენ ორ წყვილში ჩემპიონთა ლიგის ცხრაგზის გამარჯვებულმა ბარსელონამ ორჯერ მოუგო შარშანდელ ფინალისტს, საფრანგეთის ნანტს, ხოლო უნგრეთის ვესპრემმა – ლიგას შემორჩენილ ბოლო გერმანულ კლუბს, ბუნდესლიგის ჩემპიონ ფლენზბურგს.  ფინალური ოთხეულის ტურნირი 1-2 ივნისს გაიმართება კიოლნში.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

მეოთხედფინალი (24-27 აპრილი, 4-5 მაისი)

ნანტი (საფ) – ბარსელონა (ესპ) 25-32, 26-29

კელცე (პოლ) – პსჟ (საფ) 34-24, 26-35

ფლენზბურგი (გერ) – ვესპრემი (უნგ) 22-28, 25-29

ვარდარი (მკდ) – სეგედი (უნგ) 31-23, 25-29

ფინალური ოთხეული: 1-2 ივნისი, კიოლნი

ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები

11-12 მაისი, ბუდაპეშტი

ნახევარფინალი: მეცი (საფ) – როსტოვი (რუს),

კრისტიანსანდი (ნორ) – დიორი (უნგ)

 

Leave a Reply