ლიცენზირებული მწვრთნელები პლაჟის ხელბურთში
4 ივნისს იხსნება პლაჟის ხელბურთის სეზონი. ყვარლის ტბაზე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, შემდეგ კი 16-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრები დაიწყებს მზადების ბოლო ეტაპს ევროპის ჩემპიონატისთვის. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ორი სემინარი – საერთაშორისო და შინაური.
ხელბურთის ფედერაციის საპლაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან გელაშვილი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე 18-22 მაისს მონაწილობდნენ სემინარში საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, სადაც იმავე დროს გაიმართა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო შეჯიბრების, ევროპული ბიჩ-ტურის ფინალი.
ქვიშაზე თამაში ხელბურთის შედარებით ახალი ნაირსახეობაა, აბსოლუტურად განსხვავებული წესებით. თამაში სწრაფად ვითარდება, ხშირად იცვლება წესებიც, ამიტომაც მუდმივად საქმის კურსში უნდა იყო – როგორია თამაშის მიმდინარე ტენდენციები. მჟავანაძემ და გელაშვილმა თეორიულ-პრაქტიკული კურსი წარმატებით გაიარეს, დაესწრნენ ევროპის საუკეთესო კლუბების მატჩებს და უკვე შინ დაბრუნების შემდეგ საბერძნეთიდან მიიღეს სერტიფიკატი იმის შესახებ, რომ ორივემ წარმატებით დაძლია კურსი და ლიცენზირებული მწვრთნელია პლაჟის ხელბურთში.
ამის შემდეგ გელაშვილმა და მჟავანაძემ უკვე ქართველი მწვრთნელებისთვის გამართეს სასერტიფიკაციო სემინარი. ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდის მწვთნელებისთვის ლიცენზიის ქონა აუცილებელი გახდა – უამისოდ მწვრთნელს მუშაობა შეუძლია, თუმცა, ოფიციალურ თამაშში გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.
პირველ სალიცენზიო სემინარზე 7 მწვრთნელი შეიკრიბა. ტესტებში მაქსიმალური შედეგი 38 ქულა იყო, ლიცენზიის მოსაპოვებლად კი 19-ქულიანი ზღვრის გადალახვა იყო საკმარისი, ეს კი შვიდივე მონაწილემ მოახერხა. პირველი ლიცენზირებული მწვრთნელები არიან: ლაშა მოციქულაშვილი (გორი), ნოე გოგიძე (წყალტუბო), ზაზა სამადაშვილი, გიორგი წივწივაძე, გიორგი კობახიძე, ზურაბ აბრამიშვილი და გიორგი ფურცელაძე.
რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, პირველი ეტაპი 4-5 ივნისს იმართება ყვარლის ტბაზე და მასში მონაწილეობს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც, რომელსაც 8-10 ივლისს პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატი აქვს. მეორე ეტაპი, შავი ზღვის თასი, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიმართება ურეკში, დასკვნით ორ ტურს კი აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში წყალტუბო და ბათუმი უმასპინძლებს.
პლაჟის ხელბურთი. ევროპის 16 წ ჩემპიონატი. ნაზარე, პორტუგალია. 8-10 ივლისი, 2016
A ჯგუფი: პორტუგალია, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი
B ჯგუფი: შვეიცარია, რუსეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი
C ჯგუფი: ესპანეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა
D ჯგუფი: უნგრეთი, ხორვატია,გერმანია, იტალია