ლეგიონერები/ცხოვრებაძემ 7 გოლი გაიტანა, კალანდაძე 4 ბურთით დაბრუნდა…

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, თუმცა ასეთთა რიცხვი ტრავმიანობის გამო, მნიშვნელოვნად ცოტა იყო.

ტრავმებს იშუშებენ თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი), ერეკლე არსენაშვილი (ტრამბლე), გიორგი დიხამინჯია (აკიურეირი), ზურაბ გოგავა („აუგუსტდორფი“).

საფრანგეთი

სტარ ლიგის 23-ე ტურში ითამაშა ნიკოლოზ კალანდაძემ. ქართველი ლეგიონერის „ექს ან პროვანსს“ გასვლითი მატჩი ჰქონდა „ნიმთან“.

დაძაბულ შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობით – 37-35 გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. კალანდაძემ თითქმის 33 წუთი ითამაშა, 4 ბურთი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ხორვატია

პრემიერ ლიგის საჩემპიონო წრის მეშვიდე ტურში „ზაგრებს“ გასვლითი შეხვედრა ჰქონდა „გორიცასთან“. მატჩი ხორვატიის მოქმედი ჩემპიონის, „ზაგრების“ გამარჯვებით – 35-30 დასრულდა. 7 გოლით და 4 შედეგიანი გადაცემით გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა გიორგი ცხოვრებაძემ.

რუმინეთი

ეროვნული ლიგის მე-19 ტური წარუმატებელი გამოდგა ირაკლი კბილაშვილის „პოტაისა ტურდასთვის“. ქართველი ლეგიონერის გუნდი „ბუქარესტთან“ 27-29 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

პოლონეთი

სუპერ ლიგის 26-ე ტურში ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ“ იოლი გამარჯვება მოიპოვა „აზოტი პულავისთან“ (41-24).

საქართველოს ნაკრების მეკარემ 4 ბურთი მოიგერია და 2 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.

Leave a Reply