ლეგიონერები | ქართველების მონაგარი სანაკრებო შეკრებამდე

საქართველოს ნაკრები 13 მარტს „თბილისი არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას გამართავს ბოსნიის ნაკრებთან, 16-ში კი მათ ბოსნიაში ესტუმრება.

სანაკრებო პაუზის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა თავიანთ კლუბებში ჩემპიონატის მატჩები გამართეს და თავიც გამოიჩინეს.

ჩრდილოეთ მაკედონია

„ოჰრიდი“ საკუთარ მოედანზე „ვარდართან“ მინიმალური ანგარიშით 26:27 დამარცხდა. შეხვედრა დრამატული გამოდგა, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 16:11 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში „ვარდარმა“ შეძლო თამაშის შემობრუნება და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა.

„ოჰრიდში“ საუკეთსო საქართველოს ნაკრების კაპიტანი თიმურაზ ორჯონიკიძე იყო, რომელმაც ამ მატჩში ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 10 გოლი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ქართველი ხელბურთელის ძალისხმევა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

საფრანგეთი

„ტრემბლი“ „ისტრთან“ გასვლით მატჩში 30:34 დამარცხდა. სტუმართა  შემადგენლობაში ერეკლე არსენაშვილმა ერთი გოლი და ერთიც ასისტი მიითვალა.

გერმანია

გერმანიის ბუნდესლიგაში „გუმერსბახმა“ „მეტერზიმერნს“ იოლად, ათი ბურთის სხვაობით 37:27 სძლია, გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი ასისტია.

რუმინეთი

„ტურდამ“ საკუთარ მოედანზე 36:30 მოუგო „სუჩავას“. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კბილაშვილმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა – 6 გოლი და ერთი ასისტი – ასეთია ირაკლის მონაგარი ამ შეხვედრაში.

რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდა“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

პოლონეთი

პოლონეთის ჩემპიონატში გიორგი  დიხამინჯიასა და ზურაბ ცინცაძის „აზოტი“ გასვლით მატჩში 33:38 დამარცხდა „პიოტრკოვთან“. დიხამინჯიამ 4 გოლი გაიტანა.

Leave a Reply