ლეგიონერები/სანაკრებო პაუზის შემდეგ, ქართველები ევროპულ ჩემპიონატებს დაუბრუნდნენ

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებს დაუბრუნდნენ ქართველი ლეგიონერები და მორიგი ტურის მატჩებიც ჩაატარეს. რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.

ნიკოლოზ კალანდაძემ გასვლით შეხვედრაში ხუთბურთიანი სხვაობით (30-25) მოუგო „დიუნკერკს“. „პროვანს ექსის“ ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე, წინა ტურებისგან განსხვავებით, მოკრძალებული სამი გოლი და ხუთი ასისტია.

საფრანგეთის სტარ ლიგის მე-9 წრეში „სესონ რენთან“ დაძაბულ შეხვედრაში 34-32 გაიმარჯვა ერეკლე არსენაშვილმა და „ტრამბლემ“. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი ასისტია.

„კარპატების თასის“ გამოტოვების შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა „ზაგრების“ ქართველი ლეგიონერი გიორგი ცხოვრებაძე.

დედაქალაქელები „ჩაკოვეცის“ ეწვივნენ და საკმაოდ იოლად – 40-26 გაიმარჯვეს. ცხოვრებაძე თანაგუნდელებს ხუთი გატანილი ბურთით დაეხმარა.

გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირმა“ ისლანდიის პრემიერლიგის მე-9 წრეში „სტიარანი“ მიიღო და 36-31 დაამარცხა. შვიდი გატანილი ბურთით შედეგიანი იყო ქართველი ლეგიონერი.

„აკიურეირი“ სატურნირო ცხრილში 12 ქულით მესამე ადგილზეა.

მირიან გავაშელიშვილმა და „ოსტროვიამ“ პოლონეთის სუპერლიგის მე-10 ტურში „აზოტ პულავისთან“ გასვლით შეხვედრაში 36-32 მოიგეს. „ოსტროვიადან“ შედეგიანობით საუკეთესო იყო ქართველი, რომელმაც 7 ბურთი გაიტანა და 11 ასისტი შეასრულა.

პოლონეთში წარუმატებელი ტური ჰქონდა საქართველოს ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძეს. მისი „ლეგიონოვო“ საკუთარ მოედანზე 21-33 დამარცხდა. ცინცაძემ შვიდი სეივი შეასრულა.

Leave a Reply