
ლეგიონერები | კბილაშვილმა 4 გოლი გაიტანა, ტურდამ მოიგო
ქართველი ლეგიონერები განაგრძობენ თავიანთ კლუბებში შედეგიან თამაშს. ტრადიციულად, შემოგთავაზებთ ჩვენი ხელბურთელების გასული დღეების მონაგარს.
რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“ საკუთარ მოედანზე „ფოქსანი“ 35:27 დაამარცხა, რაშიც წვლილი საქართველოს ნაკრების წევრმა, ირაკლი კბილაშვილმაც შეიტანა – 4 გოლი, 1 ასისტი, ასეთია მისი მონაგარი. „ტურდა“ 58 ქულით რუმინეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
საფრანგეთში „ტრემბლი“ გასვლით მატჩში პსჟ-სთან დამარცხდა, სტუმართა შემადგენლობაში ერეკლე არსენაშვილს არ უთამაშია.
სლოვაკეთის ჩემპიონატის პლეი აუტის ბოლო შეხვედრაში „ჰლოჰოვაცი“ 24:25 დამარცხდა „მოდრასთან“, მაგრამ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ბოლო შეხვედრაში მელიავამ ერთი გოლი მიითვალა.
გერმანიის ობერლიგაში „ჰერმსდორფმა“ საკუთარ მოედენაზე „იენასთან“ დაძაბული მატჩი 28:30 დათმო. „ჰერმსდორფში“ გიგა ზარნაძემ ითამაშა და 2 გოლიც გაიტანა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ჰერმსდორფი“ მე-4 ადგილზეა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში „ოჰრიდმა“ „ტიკვეში“ 34:25 დაამარცხა და ქვეყნის თასის ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თემურ ორჯონიკიძემ 8 გოლი გაიტანა. „ოჰრიდის“ გარდა ოთხთა ფინალში „ვარდარი“, „პელისტერი“ და „ალკალოიდი“ ითამაშებენ.
ოთხთა ფინალის მატჩები მაისში გაიმართება.