ლეგიონერები | კბილაშვილმა რუმინეთის თასის ფინალში 4 გოლი გაიტანა, თავის სხვებმაც გამოიჩინეს

ქართველმა ხელბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები ჩაატარეს და არცთუ ურიგოდ იასპარეზეს.

რუმინეთი

რუმინეთში ქვეყნის თასის გათამაშები დასკვნითი მატჩები გაიმართა. „ტურდამ“ ორ დღეში ორი შეხვედრა ჩაატარა, გუნდის შემადგენლობასი ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი კბილაშვილი იყო.

11 აპრილს, ნახევარფინალში „ტურდამ“ „ბუქარესტი“ დაძაბულ ბრძოლაში 26:22 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. კბილაშვილმა ნახევარფინალში 3 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა თავი.

ფინალური თამაში 12 აპრილს შედგა – „ტურდას“ მეტოქე ბურქარესტის „დინამო“ იყო. ირაკლი კბილაშვილი ამ შეხვედრაშიც გამორჩეული იყო, მან 4 გოლი და 4 ასისტი მიითვალა, მაგრამ ეს საბოლოოდ მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა, „ტურდა“ 27:39 დამარცხდა და ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა.

საფრანგეთი

საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი“ გასვლით მატჩში მინიმალური ანგარიშით 25:26 დამარცხდა „ნიმთან“. „ტრემბლის“ შემადგენლობაში ერეკლე არსენაშვილმა მოედანზე 51 წუთი გაატარა, რა დროშიც ორი გოლი და ერთი ასისტი მიითვალა.

პოლონეთი

პოლონეთის თასზე, ოთხთა ფინალში, „აზოტი“ „პლოცკს“ შეხვდა, 25:40 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი დიხამინჯიამ მიიღო და თავის გუნდს სამი გოლით დაეხმარა.

სერბეთი

სერბეთის ჩემპიონატში „მეტალოპლსტიკა“ სტუმრად „იუგოვიჩს“ დაუპირისპირდა და დაძაბული შეხვედრა სტუმრებმა 33:28 მოიგეს. „მეტალოპლასტიკას“ შემადგენლობაში მირიან გავაშელიშვილმა ორი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.

სლოვაკეთი

სლოვაკეთის ჩემპიონატში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა „ჰლოჰოვაცმა“ „ტოპოლჩანთან“ გასვლითი მატჩი 25:32 წააგო.

„ჰლოჰოვაცის“ შემადგენლობაში გიგა მელიავამ და გუგა უთმელიძემ შედეგიანი შეხვედრა ჩაატარეს – მელიავა თავის გუნდში საუკეთესო იყო და ყველაზე მეტი, 7 გოლი გაიტანა, უთმელიძემ – 5.

Leave a Reply