
ლეგიონერები | ირაკლი კბილაშვილი რუმინეთის ვიცე-ჩემპიონია
ხელბურთში ეროვნული ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება.
რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“ ბოლო ტურის შეხვედრაში „ბაკაუ“ 42:31 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ირაკლი კბილაშვილს მონაწილეობა არ მიუღია. მატჩის შემდეგ ჩემპიონატის გამარჯვებულების“ დაჯილდოება გაიმართა – „ტურდა“ და კბილაშვილი რუმინეთის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ და კუთვნილი ჯილდოები მიიღეს.
პოლონეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში დასარჩენ ექვსეულში მოთამაშე „აზოტმა“ 43:34 დაამარცხა „სლასკი“. საქართველოს ნაკრების მეკარეს, ზურაბ ცინცაძეს ამ შეხვედრაში 12 მოგერიება ჰქონდა, გიორგი დიხამინჯიამ კი 7 გოლი გაიტანა.
„აზოტმა“ 37 ქულა დააგროვა, გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს 18 ქულით ასწრებს და ლიგაში ადგილი, ფაქტობრივად, შენარჩუნებული აქვს.
სერბეთის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის პირველ მატჩში „მეტალოპლასტიკამ“ საკუთარ მოედანზე „ვოივოდინა“ 34:32 დაამარცხა, მირიან გავაშელიშვილმა, რომელიც სერბეთში ბოლო სეზონს ატარებს და კარიერას პოლონეთში გააგრძელებს, ერთი გოლი გაიტანა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 მაისს გაიმართება.
ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ფინალში გავა და ჩემპიონობისთვის „პარტიზანსა“ და „პანჩევოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნახევარფინალში დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.