ლეგიონერები/დიხამინჯიამ და ცხოვრებაძემ 7-7 ბურთი გაიტანეს, კბილაშვილმა – 9

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.

სტარ ლიგის მე-10 წრეში ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა, ნიკოლოზ კალანდაძემ და ერეკლე არსენაშვილმა.

კალანდაძემ და „პროვანს-ექსმა“ საკუთარ კედლებში მიიღეს „ლიმოჟი“, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და 30-32 დამარცხდნენ. კალანდაძის ანგარიშზე ერთი გოლი და ხუთი ასისტია.

მწირი გამოდგა არსენაშვილის მონაგარიც. „ტრამბლეს“ ქართველი მოთამაშე თანაგუნდელებს ერთი ბურთით დაეხმარა, მისმა გუნდმა კი 27-27 ითამაშა „დიუნკერკთან“.

„პროვანს-ექსი“ 8 ქულით მე-9 ადგილზეა, „ტრამბლეს“ 12 ქულა აქვს და მე-5 საფეხურზეა.

გიორგი ცხოვრებაძემ და „ზაგრებმა“ პრემიერ ლიგის მე-10 წრის შეხვედრაში „სპაჩვას“ უმასპინძლეს და 11-ბურთიანი სხვაობით – 38-27 დაამარცხეს. ზაგრებელთა წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველ ლეგიონერს, რომელიც შვიდი გოლით და ხუთი ასისტით ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო.

„ზაგრები“ ქულათა მაქსიმუმით სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში.

ირაკლი კბილაშვილის „პოტაისამ“ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში „ბუქარესტი“ მიიღო და 30-27 მოუგო. ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო ქართველი ლეგიონერი, რომელმაც ბუქარესტელებს 9 ბურთი გაუტანა.

„პოტაისა“ 10 ქულით ცხრილის მეორე საფეხურზეა და ლიდერ „ბუზეუს“ 3 ქულით ჩამორჩება.

გიორგი დიხამინჯია და “აკიურეირი”„ჰაბნარფორდიურს“ ეწვია და 32-45 დამარცხდა. ისლანდიელთა ქართველმა ლეგიონერმა შვიდი ბურთი გაიტანა.„აკიურეირი“ 12 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სუპერლიგის მე-11 წრეში ქართველთა დერბი შედგა. მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვიამ“ ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვო“ მიიღო და 28-24 მოუგო.

გავაშელიშვილმა ორი ასისტი შეასრულა და ცინცაძეს ერთი ბურთი გაუტანა, საქართველოს ნაკრების და „ლეგიონოვოს“ მეკარემ კი ხუთი სეივი შეასრულა.

სუპერ ლიგის მე-12 ტურში „ბუტელე სკოპიე“ და დავით გრიშიკაშვილი „ეუროფარმ პელისტერთან“ გასვლით შეხვედრაში ათ ბურთიანი სხვაობით – 31-21 დამარცხდა. ქართველის ანგარიშზე ერთი გატანილი ბურთია.

„ბუტელე სკოპიე“ 11 ქულით მე-6 ადგილზეა.

Leave a Reply