ლეგიონერები/გიორგი ცხოვრებაძე და “ზაგრები” წაუგებელ სერიას აგრძელებენ. ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს მირიან გავაშელიშვილმა და “ოსტროვიამ”
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.
საფრანგეთი
„ექს ან პროვანსს“ დატვირთული კვირა ჰქონდა. ქართველი ლეგიონერის, ნიკოლოზ კალანდაძის გუნდი საფრანგეთის თასზე „ფრონტინიან ტოს“ ესტუმრა და 31-25 მოუგო. საფრანგეთის თასისგან განსხვავებით არ გაუმართლა „სენ რაფაელთან“ სტარ ლიგის მე-14 ტურის მატჩში. „ექს ან პროვანსი“ გასვლაზე 26-27 დამარცხდა. კალანდაძის ანგარიშზე სამი გოლია.
ხორვატია
„ზაგრებმა“ პრემიერ ლიგის მე-14 ტურში „უმაგი“ მიიღო და მოლოდინისამებრ დაამარცხა (32-24). ითამაშა ზაგრებელთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ. საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ანგარიშზე ერთი გოლი და ოთხი ასისტია.
პოლონეთი
სუპერ ლიგის მე-15 ტურში მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვიას“ გასვლითი მატჩი ჰქონდა „გვარდიასთან“. სტუმრებმა დამაჯერებელი გამარჯვება (29-21) მოიპოვეს და მასში ორი გატანილი ბურთით საკუთარი წვლილი შეიტანა პოლონელთა ქართველმა მოთამაშემ. აღსანიშნავია, რომ „ოსტროვიამ“ სუპერ ლიგაში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო.
ამავე ტურში წარუმატებელი შეხვედრა ჰქონდა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვოს“, რომელიც მელეცის „სტალთან“ გასვლით მატჩში 23-27 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 11 სეივი შეასრულა.
ისლანდია
არ გაუმართლა გიორგი დიხამინჯიას და „აკიურეირს“. ისლანდიის პირველობის მე-14 წრეში ქართველი ლეგიონერის გუნდი „აფტურელდინგთან“ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე 22-28 დამარცხდა. შვიდი გატანილი ბურთით ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო დიხამინჯია.