ლეგიონერების მონაგარი | ქართველი ხელბურთელების გოლები და ასისტები ევროპულ ჩემპიონატებში

საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გამართეს და თავის გამოჩენაც შეძლეს.

საფრანგეთი

საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი“ გასვლით მატჩში „შარტრთან“ 25:30 დამარცხდა. „ტრემბლის“ შეამადგენლობაში ითამაშა ერეკლე არსენაშვილმა და 3 გოლი გაიტანა.

გერმანია

გერმანიის ბუნდესლიგაში „გუმერსბახმა“ საკუთარ მოედანზე „რეინ-ნაკარს“ უმასპინძლა და იოლად 36:25 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ლიდერს, გიორგი ცხოვრებაძეს ამ შევხედრაში ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა, თუმცა მცირე დროშიც მოახერხა ორი შესანიშნავი გოლის გატანა.

ჩრდ. მაკედონია

„ოჰრიდმა“ გასვლითი მატჩი ჩაატარა სკოპიეში „პროლეტის“ წინააღმდეგ – შეხვედრა ფრედ, 23:23 დასრულდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 8:12 წააგეს, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოასწორეს, რაც საქართველოს ნაკრების ლიდერის, თეიმურაზ ორჯონიკიძეს დამსახურებაცაა, რომელმაც მეორე ნახევარში 5 გოლი გაიტანა. ორჯონიკიძეს მატჩის ბოლოს შეეძლო „ოჰრიდისთვის“ გამარჯვებაც მოეტანა, მაგრამ მისი დარტყმული მცირედით ასცდა მეტოქის კარს და საბოლოოდ ფრე – 23:23.

რუმინეთი

გასულ უქმეებზე „ტურდა“ საკუთარ მოედანზე „ფაგარასს“ დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ორი ბურთით დაამარცხა – 29:27, რაშიც წვლილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კბილაშვილმაც შეიტანა. 1 გოლი და 6 ასისტი – ასეთია ირაკლის მონაგარი ამ შეხვედრაში.

სერბეთი

სერბეთის ჩემპიონატში „მეტალოკლასტიკამ“ „პარტიზანს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძლაში 23:24 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზე 2 ასისტია.

სლოვაკეთი

შედეგიანი შეხვედრა ჩაატარეს სლოვაკეთში „ჰლოჰოვაცის“ ქართველმა ლეგიონერებმა – „ჰლოჰოვაცმა“ „ტოპოლჩანს“ უმასპინძლა და 34:32 მოუგო. გიგა მელიავას ანგარიშზე 6 გოლია, გუგა უთმელიძემ კი ერთი შედეგიანი დარტყმა მიითვალა.

Leave a Reply