კბილაშვილის 121 გოლი უკრაინაში
ხელბურთის საკლუბო სეზონი თითქმის ყველა ქვეყანაში დასრულდა. 2 ივნისს თბილისში იკრიბება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელსაც 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს – IHF ერთა ჩემპიონატი, რომელიც ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრებაცაა.
ნაკრების წევრია ირაკლი კბილაშვილი, რომელმაც ეს სეზონი უკრაინაში, ოდესის კლუბში გაატარა. 21 წლის გამთამაშებელს კარგი სეზონი ჰქონდა, რაც ოთხწრიან და 32-ტურიან ჩემპიონატში გატანილი 121 გოლით გამოიხატა. ეს კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო, ოდესა კი მთელი სეზონი მეხუთე ადგილზე იყო და ჩემპიონატი ასეც დაასრულა 50-პროცენტიანი შედეგით – 16 მოგება, 16 წაგება. ჩემპიონი გახდა უკრაინის გრანდი და ჩემპიონთა ლლიგის მუდმივი ბინადარი, ზაპოროჟიეს მოტორი.
კბილაშვილი ქუთაისი სახელბურთო სკოლის აღზრდილია. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნულ გუნდშიც. საკლუბო დონეზე მან მეორე სეზონი გაატარა უცხოეთში – 2016-17 სეზონში ის საბერძნეთში, ეგეოს სერიფატოში გამოდიოდა, ქუთაისის კლუბთან ერთად კი საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლისა (2018) და ბრინჯაოს (2016) მედლები აქვს მოპოვებული. ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.
ხელბურთი. უკრაინის სუპერლიგა. საბოლოო, 32/32 ტური. 1. მოტორ ზაპოროჟიე 64 ქულა – 2. ზტრ ზაპოროჟიე 56 – 3. ზნტუ-ზას ზაპოროჟიე 45 –– 4. დონბასი დონეცკი 40 – 5. ოდესა 32 – 6. ზტრ ბურევესტნიკ ზაპოროჟიე 21 – 7. პორტოვიკ იუჟნი 20 – 8. ცსკა კიევი 8 – 9. პოლიტეხნიკ ლვოვი 2