ირაკლი ჩიქოვანი: პირველი ორი ეტაპი გასავლელია!
ირაკლი ჩიქოვანი ეროვნულ ნაკრებში 10 წელია თამაშობს, თუმცა, ჯერ 29 წლისაა და ეს ხელბურთში საუკეთესო, მოწიფულ ასაკად ითვლება. შარშან, ლიტვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციასა და თბილისის საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა, ირაკლი აშკარა ლიდერი იყო. ჩიქოვანთან საუბარი სწორედ საქართველოს ნაკრებით დავიწყეთ.
– 11-13 მარტს ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი გვაქვს მალტაში – მალტის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ. აუცილებლად უნდა გავიდეთ პირველ ადგილზე, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს და მე ვიტყოდი რომ მეორე ეტაპის, პლეიოფის გავლაც შეგვიძლია – ყველაზე ცუდი ვარიანტში აქ მეტოქედ შეიძლება შეგვხვდეს იტალია, ან ფინეთი – ორივე ეს გუნდი ჩვენ დავამარცხეთ აპრილში, თბილისის ტურნირზე და თანაც, საუეთესო შემადგენლობით არ ვიყავით. ამ ორი ეტაპის გავლით ჩვენ გავდივართ ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში – სადაც უკვე ყველა გრანდი თამაშობს. დროა, რომ ჩვენც აქ ვიყოთ.
შემადგენლობას თუ გადავხედავთ, საკმაოდ საინტერესო გუნდი უნდა გვყავდეს. ვართ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე, არის შუა თაობაც და კარგი ახალგაზრდებიც. პრინციპში, ნაკრებში ყოველთვის ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს შემადგენლობა რომ შევადაროთ 2013-14 წლების გუნდს, რომელმაც დაამარცხა ფინეთი, თურქეთი და ლიტვა – ასეთი სურათი გამოვა: მაშინდელი ახალგაზრდები სრულიად გამოუცდელები იყვნენ და მთელი სიმძიმე 7-8 კაცზე გადადიოდა, ახლა კი ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაბალანსებული ნაკრები გვყავს.
მე ნაკრებში გამთამაშებლად მიწევს თამაში და შემიძლია ჩამოგითვალით, გარშემო ვინ მეყოლება: მარცხნივ – თემო ორჯონიკიძე და ლექსო წითელიშვილი; მარჯვნივ – გიორგი ცხოვრებაძე, გიორგი დიხამინჯია. გუნდშია რატი მსხვილიძეც, რომელიც შარშან ნაკრებში ხაზზე თამაშობდა. ამ პოზიციაზე კიდევ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში არიან ვეტერანები – შოთა თევზაძე და რეზო ჭანტურიაც, გვყავს კიდევ რამდენიმე კარგი ახალგაზრდა და საბოლოოდ, თითო პოზიციაზე მწვრთნელს მინიმუმ ორი არჩევანი აქვს – გამოდის საკმაოდ ძლიერი და დაბალანსებული შემადგენლობა. მე, როგორც გამთამაშებელი, შემიძლია მშვიდად ვიყო – შეტევაში ნებისმიერი მანევრი, ან კონკრეტული კომბინაცია, რომელსაც დავგეგმავთ, შესრულდება.
– კლუბშიც გამთამაშებელი ხარ?
– არა, კოსტანცაში მარცხენა ინსაიდი ვარ. კონსტანცა 2014 წელს EHF თასის ფინალურ ოთხეულში გავიდა და ნახევარფინალში წააგო მონპელიესთან. 2015 წელს გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მეორე ლიგაში დააქვეითეს, სახელიც შეეცვალა და ახლა ოფიციალურად ჰქვია დობროჯია ზუდ კონსტანცა, თუმცა, რეალურად იგივე გუნდია, რუმინეთში ერთ-ერთი სახელოვანი და უძლიერესი. გვყავს 11 უცხოელი: სერბები ჩერნოგლავაცი, ჩუტურა, მლადენოვიჩი და ნიკოლიჩი; ხორვატი კევიჩი; მონტენეროელი ვუიოვიჩი; ბოსნიელი მალინოვიჩი; მაკედონიელები მარკოვსკი და მეკარე მიტრევსკი; ბელარუსის ნაკრების მეარე სალდაცენკა და მე. არის რამდენიმე ძლიერი რუმინელიც – ბურიჩეა, ნისტორი, იგნატი, ჩოგი…
– რუმინეთის ჩემპიონატში 45 გოლი გაქვს გატანილი რაც კლუბში მეორე შედეგია. ყოველთვის ძირითად შვიდეულში იწყებ?
– არა. მაკედონიელი მწვრთნელი გვყავს, ზვონკო შუნდოვსკი, რომელიც შემადგენლობას მუდმივად ატრიალებს. 30 გოლზე მეტი 6 კაცს აქვს გატანილი – მთავარი გუნდური თამაშის აწყობაა. გააჩნია, ვის როგორ წაუვა თამაში, ხან შეტევაში ხარ, ხან დაცვაში, ხან ისვენებ. დღევანდელ ხელბურთში ასეა – ყველა, 16 მოთამაშე თამაშობს და თავისი წვლილი შეაქვს თამაშში.
– EHF თასზე თებერვლიდან ჯგუფური ეტაპის მატჩები გიწევთ…
– იქამდე საკმაოდ მძიმე დაპირისპირება გვქონდა შვედეთის მალმესთან, რომელსაც ორჯერ მოვუგეთ. ჯგუფში მეტოქეებად გვყავს დანიის ჰოლსტებრო, პორტუგალიის პორტუ და ესპანეთის კუენკა. ვეცდებით, რაც შეიძლება შორს წავიდეთ – ჯგუფური ეტაპის შემდეგ მეოთხედფინალია და მერე – ფინალური ოთხეული. თუ ჩემპიონობას არა, მინიმუმ სამეულში მოხვედრას ვგეგმავთ რუმინეთის ჩემპიონატშიც.
– კონსტანცა კერძო კლუბია თუ მუნიციპალური?
– რუმინეთში თითქმის ყველა კლუბი მუნიციპალურია. კონსტანცაში ხარჯების დაახლოებით 80 პროცენტი მერიისაა, დანარჩენი – სპონსორების. აქ პირველ სეზონს ვთამაშობ და 2 წლიანი კონტრაქტი მაქვს ორწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით.
– რუმინეთში 2011 წლიდან თამაშობ. სხვა ქვეყანაში გადასვლაზე არ გიფიქრია?
– მქონია წინადადებები. პოლონეთიდან და გერმანიიდან.
– ბუნდესლიგის გუნდიდან?
– დიახ, ოღონდ ცხრილის ქვედა ნახევარში რომ არის ხოლმე, ისეთი გუნდი იყო. გერმანიაშიც 5-6 ძლიერი გუნდია, დანარჩენი – რიგითი. ათასი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო, როცა კლუბს იცვლი. მაშინ ასე გადავწყვიტე და რუმინეთში დავრჩი, მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მთავარია კლუბი დროულად შეიცვალო – არ უნდა აჩქარდე და არც უნდა დააგვიანო.
– ბარემ შენს კარიერასაც გადავავლოთ თვალი…
-2006 წელს დავიწყე ვარჯიში, ჩემს ძმასთან, გიორგისთან ერთად. მასაც უთამაშია საქართველოს ნაკრებში. არ დაგიმალავთ და ხელბურთი იმიტომ ავირჩიე, რომ გადასახადი არაფერი გვქონდა, ვარჯიში უფასო იყო. დიდი დიღმიდან ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში დავდიოდი, ორი წელი სტუ-შევარდენში და სტუ-თელავში ვითამაშე, ნაკრებში პირველად 2009 წელს მოვხვდი, როდესაც ჩელენჯ ტროფის ფინალში გავედით. 2009 წელს წავედი სერბეთის მეტალოპლასტიკაში, სადაც ორი სეზონი ვითამაშე. კონსტანცა ჩემთვის მეოთხე რუმინული გუნდია. ჯერჯერობით ეს ყველაზე ძლიერი კლუბია, სადაც მითამაშია.
– და ნაკრებით დავასრულოთ…
– 3 იანვრიდან გვაქვს ინტენსიური, ერთკვირიანი მზადება. მთავარია ვარჯიშებზე სათამაშო კონცეფცია შევიმუშავოთ და შემდეგ მოედანზე გადავიტანოთ. ყველანი ჯანმრთელად ვართ და არავინ გვაკლია – ეს მნივნელოვანი ფაქტორია. მხოლოდ მოგებაზე და პლეიოფში გასვლაზე ვფიქრობთ.
—
ირაკლი ჩიქოვანი: დაიბადა 1989 წლის 28 ივლისს. ხელბურთში 2006 წლიდან. კარიერა: სტუ – მეტალოპლასტიკა (სრბ, 2009-11) – 2011 წლიდან რუმინეთშია: ოდორჰეი, ტიმიშოარა, დუნარეა კელერაში, კონსტანცა; საქართველოს ნაკრებში თამაშობს 2009 წლიდან.
—
ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019
A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა
კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:
11 იანვარი. 20:00 კვიპროსი – აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო – მალტა,
12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი – საქართველო, 21:30 მალტა – კვიპროსი
13 იანვარი. 17:00 კვიპროსი – საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი – მალტა
მეორე ეტაპი, პლეიოფი (აპრილი, 2020. შინ–სტუმრად)
ევრო 2022 პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის 2 გამარჯვებული და ჩელენჯ ტროფის ჩემპიონი უწყვილდება ევრო 2020-ის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდში უარესი შედეგის მქონე 3 გუნდს. სამი წყვილის 3 გამარჯვებული გადის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში.
მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი (ოქტომბერი 2020 – ივნისი 2021)
თამაშობს 32 უძლიერესი გუნდი, მათ შორის, პლეიოფის 3 გამარჯვებული
ევრო 2022-ის 20 საგზურს მიიღებს 8 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამე ადგილი
ევრო 2022. 14-30 იანვარი, უნგრეთსა და სლოვაკეთში (24 გუნდი)
—
მსოფლიო ჩემპიონატი 2121 (იანვარი, ეგვიპტე – 32 გუნდი)
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: ოქტომბერი 2019 – იანვარი 2020 (თამაშობენ ის გუნდები ვინც ვერ მოხვდება ევრო 2020-ზე) – მეორე ეტაპი, პლეიოფი: ივნისი, 2020 – მონაწილეობენ: პირველი ეტაპის ჯგუფების გამარჯვებულები და ის გუნდები, ვინც ევრო-2020-დან ვერ მოიპოვებს პირდაპირ საგზურს. მონაწილეები დაწყვლდებიან და შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენენ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს.