ირაკლი კბილაშვილმა ევროპა ლიგის მოქმედ ჩემპიონს სამი ბურთი გაუტანა, ორი ბურთია მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზე

ევროპა ლიგის 2025/26 წლების გათამაშების ჯგუფურმა ეტაპმა ეკვატორი გადალახა. მეოთხე წრის შეხვედრებიდან ჩვენთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ქართველ ლეგიონერთა გუნდები, რომლებიც იმავე მეტოქეებს დაუპირისპირდნენ, როგორც ეს იყო მესამე წრეში.

მეოთხე ტურის მატჩებამდე ცხრა გუნდი იყო ისეთი, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვების მოლოდინში იყვნენ. ამასთან, ცხრიდან ხუთ კლუბს ჯერაც არ ჰქონდა მოპოვებული ქულა. მათ შორის, იყო ირაკლი კბილაშვილის „პოტაისა“, რომელმაც მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესა და გასვლით შეხვედრაში გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ და მოქმედ ჩემპიონ გერმანულ „ფლენსბურგთან“ 28-46 დამარცხდა.

კბილაშვილი ასპარეზობას ძირითადიდან შეუდგა და პირველივე წუთზე გაიტანა ბურთი, მთლიანობაში კი სამი გოლი გაიტანა და სამი ასისტი შეასრულა.

„პოტაისას“ ევროპა ლიგის მომდევნო შეხვედრა 25 ნოემბერს, ესპანურ “ბიდასოასთან“ ელის.

გასვლითი ტური ჰქონდა მირიან გავაშელიშვილს და „ოსტროვიას“. თეთრ-წითლებისთვის რთული აღმოჩნდა „მონპელიესთან“ განმეორებითი დაპირისპირებაც. პოლონელები 26-37 დამარცხდნენ. ფრანგულ გიგანტთან და ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ კლუბთან შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერმა ორი ბურთი გაიტანა და ამდენივე ასისტი შეასრულა.

„ოსტროვია“ ევროპა ლიგის მომდევნო შეხვედრას 25 ნოემბერს, გერმანულ “კილთან“ გამართავს.

Leave a Reply