ორჯონიკიძე: შესარჩევის მოსაგებად ვიბრძოლებთ

გაზეთი ლელო, 7 იანვარი 

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრების რამდენიმე წევრი უცხოურ კლუბებში წარმატებით თამაშობს. მათ შორისაა 24 წლის თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც ამჟამად რუმინეთის “რეშიცას” ღირსებას იცავს.

ქართველმა ხელბურთელმა კარიერა თბილისის “ქარიშხალათი” დაიწყო. შემდეგ სტუ-ში თამაშობდა. რამდენიმე სეზონი მაკედონიურ “პრილეპსა” და “პელისტერში”, უნგრულ “ფერენცვაროშსა” და “ოროშჰაზში” გაატარა. შარშან შემოდგომით კი რუმინულ კლუბში გადავიდა. ამ ქვეყნის ჩემპიონატში პირველი წრე დეკემბერში დასრულდა და გუნდებს ახლა არადადეგები აქვთ. თეიმურაზ ორჯონიკიძე საახალწლოდ თბილისში დაბრუნდა. გუშინ მას ტელეფონით შევეხმიანეთ.

– შარშან ახალი სეზონის დაწყებამდე ირაკლი კბილაშვილი მაკედონიის “მეტალურგიდან” რუმინულ “რეშიცაში” გადავიდა, – გვითხრა თეიმურაზმა. – ორივენი საქართველოს ნაკრების წევრი ვართ: ირაკლი გამთამაშებელია, მე – მარცხენა შუამარბი. ეროვნული გუნდისთვის შესათამაშებლად კი ერთი კლუბის წევრობა უფრო სასარგებლო იქნებოდა, რამაც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. ისიც გავითვალისწინე, რომ ქართველ ხელბურთელებს პატივს სცემენ რუმინეთში: აქ წლების განმავლობაში თამაშობდნენ ვლადიმერ რუსია და შოთა თევზაძე. ირაკლი ჩიქოვანი კი “კონსტანცას” ერთ-ერთი ლიდერია. თანაც “რეშიცას” დიდი მიზნები აქვს. მათ მიღწევაში კლუბს პანდემიამ და ბიუროკრატიულმა ბარიერებმა შეუშალა ხელი – უცხოელებს გუნდში გადასვლა შეგვაგვინდა. მაგალითად, მე და ირაკლი მაშინ ჩავებით ეროვნულ ჩემპიონატში, როცა ცხრა ტური უკვე მილეული იყო. პირველად “ბუზეუს” მოვუგეთ 30:27. მე ოთხი, ირაკლიმ კი 8 ბურთი შეაგდო მეტოქის კარში. სულ ოთხ მატჩში 14 გოლია ჩემს ანგარიშზე. “ბუზეუსთან” ტრავმა მივიღე და ორი შეხვედრა გამოვტოვე. ახლა ყველაფერი რიგზეა და უწინდებურად მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ.

 პანდემია ხელს არ გიშლით?

 

– ხელსაც და ნერვებსაც. რუმინეთშიც მკაცრი შეზღუდვებია. იქაც კარანტინია, 11 საათიდან ქუჩაში ვერ გახვალ. პირბადის ტარება აუცილებელია. ჩემპიონატის საერთოდ გადადება უნდოდათ, მაგრამ სულ უქმად ყოფნას ერთ ქალაქში პაექრობების ტურებად და უმაყურებლოდ გამართვა ამჯობინეს. ყოველი თამაშის წინ კორონაზე ტესტებს ვაბარებთ. ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან ეროვნული ნაკრებისთვის მომზადებული ვიქნებით და სათამაშო პრაქტიკასაც ვიღებთ.

 ჩემპიონატის ბოლოსწინა ადგილზე ყოფნა მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს…

– ცხადია, მაგრამ გითხარით, რომ ლეგიონერები გვიან შევუერთდით გუნდს. წინ მთელი მეორე წრეა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს. ეს პირველი წრის ბოლო ტურებშიც გამოჩნდა. მომავალი წლიდან კი აუცილებლად მედლებისთვის მებრძოლთა რიგებს შევუერთდებით. საამისოდ პირობები კარგი გვაქვს და მოტივაციაც არ გვაკლია.

 მარტში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ელის…

– კარგი საქმე გააკეთა საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, რომ ოთხთა ტურნირის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იანვარში უნდა გამართულიყო, მაგრამ ევროპის ხელბურთის ფედერაციამ, პანდემიის გამო, მარტისთვის გადადება ამჯობინა. 12 მარტს კვიპროსს, 13-ში დიდ ბრიტანეთსა და 14-ში ბულგარეთს დავუპირისპირდებით. სამივე გუნდს ვიცნობთ და მათთან თამაშის გამოცდილებაც გვაქვს. შარშან ბრიტანელები და ბულგარელები დავამარცხეთ, ხოლო კვიპროსთან ერთი ბურთის სხვაობით წავაგეთ და ამჯერად რევანში გვაქვს ასაღები. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ეტაპზე გასვლა არ გაგვიჭირდება. მით უმეტეს, რომ პლეი ოფში ორი გუნდი გადის…

http://lelo.ge/article/%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-26573/?fbclid=IwAR0pyKs_5BGyWHoxQV1PCX2rZGs-McT03WXv8GW6QJTSysqmTFTKwtHUjoA