თეიმურაზ ორჯონიკიძე: ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა და ამავე დროს, საამაყოა…
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ნაკრების კაპიტანთან, თეიმურაზ ორჯონიკიძესთან.
რუმინეთის ტურნირი
„ხშირად ვთამაშობთ „კარპატის თასზე“. ამჯერად შემადგენლობაში გარკვეული დანაკლისი გვაქვს, ვერ ითამაშებენ ირაკლი კბილაშვილი და ერეკლე არსენაშვილი, ტრავმის გამო დიდი ხანია ვერ გვეხმარება ნიკა კალანდაძე, მაგრამ მათ ნაცვლად ახალგაზრდები დაგვემატნენ.
რა თქმა უნდა, რუმინეთში მოსაგებად მივდივართ, ეს თამაშები ევროპის ჩემპინატის შესარჩევი მატჩებისთვის გუნდის უკეთ შესათამაშებლად უნდა გამოვიყენოთ“.
მეტოქე – ბოსნიის ნაკრებო
„ბოსნიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვეთამაშეთ და ვიცით, რომ ძლიერი გუნდია. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამ გუნდში ცვლილებები მოხდა სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდებოდნენ. თუმცა ჩვენ მათთან მოსაგებად ვითამაშებთ და ვეცდებით, რომ ორი თამაშის ჯამში გამარჯვებული დავრჩეთ“.
უნგერთთან მოგება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა
„უნგრეთთან გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავედით, ასეთი ემოცია სპორტში იშვიათია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს განვიცადეთ. იმედი მაქვს, კიდევ მოვიგებთ და ევროპის ჩემპიონატზე ამჯერადაც გავალთ“.
რას ნიშნავს იყო ნაკრების კაპიტანი
„ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა, შუამავალი უნდა ვიყო მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის. პასუხისმგებლობასთან ერთად, გუნდის კაპიტნობა საამაყოცაა და მიხარია, რომ მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა ასეთი ნდობა გამომიცხადეს“.
პირველი ნაბიჯები ხელბურთში
„მამაჩემიც ხელბურთელი იყო, სპორტის ამ სახეობით ბავშვობიდანვე დავინტერესდი და 11 წლის ვიყავი, როდესაც ხელბურთზე დავიწყე სიარული“.
სპორტის საყვარელი სახეობა, გუნდი და სპორტსმენი
„ხელბურთის გუნდებიდან დღესდღეობით „ბარსელონას“ ვქომაგობ. ხელბურთის გარდა, ფეხბურთი მიყვარს. ბავშვობიდან მუნხენის „ბაიერნს“ ვგულშემატკივრობ, საყვარელი სპორტსმენი კი რონალდოა“.