ვენესუელის ნაცვლად პოლონეთი გვეწვევა
ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 8-20 აგვისტოს იმერთება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ერთი მონაწილე ქვეყანა შეიცვალა – ვენესუელის ნაცვლად C ჯგუფში პოლონეთის 19-წლამდელთა ნაკრები ითამაშებს ხორვატიის, არგენტინის, ბრაზილიის, პორტუგალიისა და კორეის ნაკრებებთან ერთად.
ვენესუელამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური 2017 წლის აპრილში, ამერიკის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილის დაკავებით მოიპოვა, თუმცა, ბოლო მომენტში გაირკვა, რომ გუნდი თბილისში ვერ ჩამოვა – მიზეზი სავარაუდოდ მძიმე ეკონომიური სიტუაცია და პოლიტიკური არეულობაა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაშია შექმნილი.
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ვენესუელა პოლონეთით შეცვალა, რომელიც პირველი სარეზერვო გუნდი იყო.
თბილისში უკვე ჩამოსულია ჩილეს ნაკრები, მომდევნო დღეებში კი გვესტუმრებიან რუსეთი, პორტუგალია, სამხრეთ კორეა და იაპონია. გუნდების უმეტესობა 7 აგვისტოს, ოფიციალურ სავარჯიშო დღეს ჩამოდის.
8 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი სათამაშო დღეა.