ვახტანგ მეიფარიანი ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტია

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს ვახტანგ მეიფარიანი.

ყრილობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და ფედერაციის სუბიექტების მიერ წარდგენილი ოცდაშვიდივე დელეგატი ესწრებოდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ორი იყო. იმედო ფხაკაძე და ვახტანგ მეიფარიანი. 2012-20 წლებში ორივე საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტად მუშაოდა.

საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა ზურაბ კაკაბაძე, რომელიც ორჯერ იყო არჩეული პრეზიდენტად, 2012 და 2016 წლებში. ხელბურთის ფედერაცის წესდება ერთი და იმავე პიროვნების ზედიზედ ორ ვადაზე მეტით არჩევას არ ითვალისწინებს.

კაკაბაძის მოხსენებას გამოეხმაურნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. ორივემ აღნიშნა სერიოზული სამუშაო, რომელიც ფედერაციაში ბოლო 8 წლის განმავლობაში შესრულდა. ყრილობის დელეგატებმა, ზაზა ჯიაძემ და მერაბ მეტრეველმა მადლობა გადაუხადეს ზურაბ კაკაბაძეს ქართული ხელბურთის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.

შემდეგ დაიწყო სარჩევნო პროცედურა. იმედო ფხაკაძემ კენჭისყრიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა, რის შემდეგაც ვახტანგ მეიფარიანი ერთხმად, ოცდაშვიდი ხმით არცერთის წინააღმდეგ, აირჩიეს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად.

ვიცე პრეზიდენტებად აირჩიეს იმედო ფხაკაძე, დიმიტრი აბესაძე და ლევან სალუქვაძე; გენერალურ მდივნად – ქეთევან კობერიძე; ხაზინადრად – ირაკლი კეკელიძე; პრეზიდიუმის წევრებად – მერაბ მეტრეველი, გიორგი კარტოზია, ბექარ ორჯონიკიძე, ლანა მარგიანი და ნიკოლოზ სვიმონიშვილი.

ვახტანგ მეიფარიანი 50 წლისაა. 90-იან წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდისა და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, შემდგომში მუშაობდა მწვრთნელად, 2012-20 წლებში კი, ვიცე პრეზიდენტის სტატუსით, ხელბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობდა სანაკრებო მიმართულებას.