ეროვნულ ნაკრებს ბოშკოვსკი გაწვრთნის
საქართველოს კაცთა ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა 43 წლის მაკედონიელი დონე ბოშკოვსკი, რომელიც გუნდს უკვე ამზადებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. შეჯიბრება 12-14 იანვარს გაიმართება კლაიპედაში, ლიტვა. მონაწილეობენ ლიტვა, ლატვია, ისრაელი და საქართველო. ბოშკოვსკის თანაშემწედ ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს ტიტე კალანდაძე.
დონე ბოშკოვსკი დაიბადა 1974 წელს სკოპიეში. თამაშობდა რაბოტნიჩკიში და ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში, მაგრამ ხელის ტრავმის გამო თამაშს ადრე დაანება თავი. 1998-2004 წლებში თავისი კლუბის, რაბოტნიჩკის მთვარი მწვრთნელი იყო; 2004-06 წლებში მუშაობდა სკოპიეს მეტალურგში, ჯერ იოვიცა ცვეტკოვიჩის ასისტენტად, 2006 წელს – მთავარ მწვრთნელად; 2006-07 წლებში ბოგდანცის მლადოსტის მთავარი მწვრთნელია; 2007-11 წლებში ბრუნდება მეტალურგში, სადაც არის ზვონკო შუნდოვსკისა და ლინო ჩერვარის თანაშემწე: 2011-14 წლებში მუშაობდა ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ჩემპიონის, სკოპიეს ვარდარის გუნდში ვესელინ ვუიოვიჩთან და ზორან კასტრატოვიჩთან; 2015-16 სეზონში დაბრუნდა რაბოტნიჩკიში და მესამე ადგილი მოიპოვა მაკედონიის ჩემპიონატში; 2016 წელს წვრთნიდა რუმინეთის ქალთა გუნდს CSM რომანს; 2016-17 სეზონში მუშაობდა მაკედონიის ეუროფარმ რაბოტნიკში. სანაკრებო დონეზე: მაკედონიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო 2009 და 2013 წლების მსოფლიო და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გუნდმა 5 ადგილი დაიკავა, ხოლო 2012 წლის ხმელთაშუაზღვისპირა თამაშებზე მთავარი მწვრთნელი იყო.
დონე ბოშკოვსკი: – „ქართულ ხელბურთს, შეიძლება ითქვას, კარგად ვიცნობდი, როცა ნაკრების მწვრთნელობას დავთანხმდი. 90-იან წლებში კარგად ვიცნობდი ქართველებს, რომლებიც ჩემთან ერთად თამაშობდნენ მაკედონიის ჩემპიონატში – კეკელიძეს, თურქიას, ბოყოჩაძეს, ორჯონიკიძეს, კალანდაძეს. ახლაც სამი ქართველია ჩვენს ჩემპიონატში და სამივეს პირადად ვიცნობ. ჯერაც კარგ ფორმაშია ვეტერანი რეზო ჭანტურია. რეზოსთან ერთად, პელისტერის ლიდერია თემო ორჯონიკიძე, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს და აქვს შანსი, წლის ბოლოს მაკედონიის ერთ-ერთ გრანდში, მეტალურგში გადავიდეს. რატი მსხვილიძეც, რომელიც ეუროფარმ რაბოტნიკში თამაშობს, ნელ-ნელა შევიდა ფორმაში და პირველი წრის ბოლოს რამდენიმე კარგი მატჩი ჰქონდა. გარდა ამისა, რუმინეთიდან ვიცნობ შოთა თევზაძეს, ირაკლი ჩიქოვანს, ვლადიმერ რუსიას და ვიცი, რა დონის მოთამაშეები არიან. აქ ჩამოსვლამდე ტელეფონით წინასწარ ველაპარაკე ყველას. სამწუხაროდ, რუსიას, რომელსაც ტრავმის გამო ორწლიანი პაუზა ჰქონდა და სეზონი ლუქსემბურგში დაიწყო, ძველი ტრავმა კვლავ აწუხებს და ვერ დაგვეხმარება. გუნდთან ერთად იქნება ვეტერანი სერგო დათუკაშვილიც, რომელთანაც ასევე ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა მაქვს. დანარჩენებს, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ხელბურთელებს, ვარჯიშებზე ვეცნობი. ვიცი, რომ ფედერაციას ნაკრების გაახალგაზრდავების კურსი აქვს აღებული და ვფიქრობ, ვეტერანებისა და ახალგაზრდებისგან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ.
კარგად ვიცნობ ჩვენს მეტოქეებს. გრანდი არცერთი არ არის, მაგრამ სამივე სერიოზული გუნდია. მათგან ყველაზე ძლიერი, ჩემი აზრით, არის ლატვია. მათ ჰყავთ 215 სმ სიმაღლის მარჯვენა ინსაიდი კრიშტოპანსი, სკოპიეს ვარდარის მოთამაშე და ნაკრების უდავო ლიდერი, რომელსაც ეროვნულ გუნდში სტაბილურად გააქვს 13, 14, 15 გოლი. შემდეგ გამოვარჩევდი ისრაელს, რომელსაც არ ჰყავს ვარსკვლავები, მაგრამ სხვა პლიუსი აქვს: ყველა მოთამაშე ისრაელის ჩემპიონატში გამოდის, ნაკრები კი მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველთვიურად იკრიბება და ვარჯიშობს, შესაბამისად, ძალიან შეთამაშებული გუნდია. ლიტვაც კვალიფიციური ნაკრებია და ის უპირატესობა აქვს, რომ შინ თამაშობს. ჩვენ რაც შეგვეხება, საკმარისი დრო გვაქვს რომ ნაყოფიერად მოვემზადოთ, ტაქტიკური სქემები დავამუშავოთ და სამივე მეტოქეს ბრძოლა გავუმართოთ.
რამდენიმე დღეა, ჩვენ დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ სპორტკომპლექს არენაში, ხოლო 2 იანვრიდან შეკრებაზე გადავალთ ოტელ „ბომონდ გარდენში“ და ორჯერადი ვარჯიშები უკვე ოლიმპიურ სასახლეში გვექნება. იმ დროისთვის ვფიქრობ, გამოიკვეთება ის 16 მოთამაშე, რომელიც 10 იანვარს ლიტვაში უნდა გაფრინდეს. ჯერჯერობით არავითარი პრობლემა არა გვაქვს გარდა იმისა, რომ პირველივე ვარჯიშზე ფეხი იღრძო მარცხენა გარემარბმა ზურაბ აბრამიშვილმა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩემთან ერთად იმუშავებს ტიტე კალანდაძე, რომელიც ძალიან ძლიერი ხელბურთელი იყო, უკვე უმუშავია მწვრთნელად ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებში და თბილისის „პეგასში“ უკვე მოასწრო რამდენიმე ძალიან პერსპექტიული მოთამაშის აღზრდა. გიორგი ცხოვრებაძე ნამდვილი ტალანტია და მისი აყვანა ძალიან უნდოდა სკოპიეს ვარდარს, თუმცა, მონპელიემ აჯობა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი 16 წლისაააა, ჩვენ მას ეროვნული გუნდის სრულფასოვან წევრად განვიხილავთ“.
ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან პლეიოფში გადის 6 შესარჩევი ჯგუფის თითო გამარჯვებული. 3 ჯგუფში თამაშები ორ წრედ, მიმოსვლით მომდინარეობს და ეს ტურნირები ოქტომბერში დაიწყო. დანარჩენი 3 ჯგუფის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ერთ წრედ ითამაშონ. მასპინძელი წილისყრამ დაადგინა და ჩვენს ჯგუფში ეს უფლება ლიტვის ფედერაციას ერგო.
მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპას 14 ადგილი აქვს. ტურნირის მასპინძლებს, დანიასა და გერმანიას, მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთსა და ევრო 2018-ის 3 საუკეთესო გუნდს პლეიოფის გამარჯვებული 8 ნაკრები დაემატება.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში)
ევროპა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ჯგუფების თითო გამარჯვებული გადის პლეიოფში
2 ჯგუფი: ლიტვა, ლატვია, ისრაელი, საქართველო – კლაიპედაში, ლიტვა.
12 იანვარი. 19:30 ლატვია-საქართველო, 22:00 ლიტვა-ისრაელი
13 იანვარი. 18:30 ისრაელი-ლატვია, 21:00 საქართველო-ლიტვა
14 იანვარი. 17:30 ისრაელი-საქართველო, 20:00 ლიტვა-ლატვია
3 ჯგუფი: რუმინეთი, უკრაინა, იტალია, ფარერები – 11-13 იან, ბოლცანოში, იტალია
4 ჯგუფი: პორტუგალია, პოლონეთი, კვიპროსი, კოსოვო – 12-14 იან, ვარზიმში, პორტუგალია
1 ჯგუფი: რუსეთი 4 ქულა (2 თამაშიდან), სლოვაკეთი 2, ფინეთი 1, ლუქსემბურგი 1
ლუქ-ფინ 23-23, რუს-სლკ 32-22, ფინ-რუს 22-35, სლკ-ლუქ 36-19
5 ჯგუფი: ჰოლანდია 4, თურქეთი 3, ბელგია 1, საბერძნეთი 0
თურ-ბლგ 27-27, ჰოლ-საბ 29-20, ბელ-ჰოლ 25-26, საბ-თურ 19-25
6 ჯგუფი: ბოსნია 2 (2 თამაშიდან), ესტონეთი 2 (2), შვეიცარია 0 (0)
ბოს-ესტ 31-24, ესტ-ბოს 29-25
პლეიოფი: 8-10/12-14 ივნისი, 2018
პირველი ეტაპის გამარჯვებულ 6 გუნდს დაემატება 10 ქვეყანა ევრო 2018-დან. 18 გუნდი დაწყვილდება და შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს მსოფლიო ჩემპიონატის 8 ფინალისტს.
ევრო 2018 ხორვატიაში (12-28 იანვარი, 2018). 16 მონაწილიდან მსოფლიო 2019 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვთ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, ასევე 2019 წლის მასპინძლებს – გერმანიას და დანიას. მათ დაემატება სამი საუკეთესო გუნდი ევრო 2018-დან. დანარჩენი 10 გუნდი გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. პლეიოფის მონაწილე იქნება ჩამოთვლილი 13 ქვეყნიდან 10: ავსტრია, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ისლანდია, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სლოვენია, სერბეთი, შვედეთი