ეროვნულმა ნაკრებმა მზადების მეორე ეტაპი დაასრულა
ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მზადების მორიგი ეტაპი გამართა მოახლოებული მნიშვნელოვანი შეჯიბრებების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირების წინ. ორივე ეს ტურნირი იანვარში გაიმართება.
პირველი ეტაპი იყო ერთკვირიანი შეკრება მაკედონიაში, ოქტომბრის ბოლოს, რომლის დროსაც გუნდმა ორი ამხანაგური მატჩიც გამართა ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან. ამჯერად, ივარჯიშეს ნაკრების საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებმა, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების რამდენიმე ხელბურთელთან ერთად – 15 კაცი 5 დღით შეიკრიბა სასტუმრო ბატესტაში და ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდა ოლიმპიურ სასახლეში.
სავარჯიშო პროცესს უძღვებოდნენ დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე და გიორგი გვაზავა. სერბმა მწვრთნელმა სტოიანოვიჩმა შარშან უკვე უკვე ჩაატარა საწვრთნელი კემპი ჩვენს ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებებთან, მას შემდეგ ის სკოპიეს მეტალურგში მუშაობდა, ხოლო ახლახან დაინიშნა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად და ამავე დროს არის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო სტაფშიც.
შეკრების შესახებ გვესაუბრება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე:
– იანვარში ჩვენს გუნდს ორი მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშებით იტალიას, რუმინეთსა და კოსოვოს. ეს სამი მატჩი გაიმართება 10-12 იანვარს, იტალიის ქალაქ ბენევენტოში, ნეაპოლის მახლობლად. ამის შემდეგ გვაქვს ორი უსერიოზულესი მატჩი ფინეთთან, 16 იანვარს თბილისში და 19 იანვარსს – მეტოქის მოედანზე. ამ ორმა შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს, ვითამაშებთ თუ არა ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, სადაც გამოვა 32 უძლიერესი გუნდი და გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის 20 საგზური.
მზადების პირველ ეტაპზე, ოქტომბერში, ოფიციალური სანაკრებო კვირეულის დროს, ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა მაკედონიაში და ორჯერ სერიოზული ბრძოლაც გავუმართეთ ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს (21-25 და 28-29 სკოპიეში). ოქტომბრის შემდეგ სანაკრებო ფანჯარა უკვე იანვარშია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ნოემბერში თბილისში შეგვეკრიბა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ხელბურთელები, ეროვნული გუნდის კანდიდატები.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უცხოურ კლუბებში თამაშობს. დასამალია არაა, რომ დანარჩენები მათ ჩამოუვარდებიან უპირველესად ფიზიკური მომზადების დონით, სავარჯიშო პირობებითა და, შესაბამისად, სათამაშო კლასით, იანვარში კი 10 დღეში გველის 5 უმძიმესი თამაში. ამიტომაც გადაწყდა ამ შეკრების ჩატარება, რომ მთელი გუნდი სრულ მზადყოფნაში იყოს.
სულ შეკრებაზე გვყავდა ეროვნული გუნდის 12 კანდიდატი. კიდევ სამი, სამწუხაროდ ტრავმის გამო დაგვაკლდა, ჩვენთან ერთად იყო ასევე ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების 3 ხელბურთელი. ორივე ამ გუნდს 2020 წელს ევროპის ჩემპიონატი აქვს სათამაშო.
სულ გავმართეთ 9 ვარჯიში. თითქმის ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ამით თავიდან ავიცილეთ მონოტონურობა. ვერ ვიტყვი, რომ ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მომზადებას დაეთმო – ვმუშაობდით გუნდურ ურთიერთქმედებაზე, ინდივიდუალურ ტექნიკაზე, კოორდინაცის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ვარჯიშები იყო ინტენსიური და მაქსიმალურად მიახლოებული სათამაშო რიტმს, ასე რომ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებასაც მოიცავდა.
შემდეგი გეგმები ასეთია: დეკემბერში ნაკრების ყველა კანდიდატს საქართველოს ჩემმპიონატის 4 მატჩი აქვს სათამაშო. 20 დეკემბერს თბილისში ჩამოვა ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და საქმეს შეუდგება. ამის შემდეგ გუნდს დაემატებიან ლეგიონერები, მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი და ჩვენი მთავარი კონსულტანტი, დრაგან ჯუკიჩი. იანვრის პირველი რიცხვებიდან გუნდი ოფიციალურ შეკრებაზე გადავა. ვფიქრობ, რომ მოსამზადებელი გეგმა კარგადაა შედგენილი და ნაკრები ოფიციალურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. რაღა დაგიმალოთ და, შედეგსაც მაქსიმალურს ველით.
საქართველოს ნაკრების საწვრთნელი შეკრება. 14-19 ნოემბერი, 2019
ზურაბ ცინცაძე (GK, იმედი-სტუ), ხაზეინ რუსტამოვი (LW, ქუთ), ზურაბ აბრამიშვილი (LW, BSB ბათუმი), ვლადიმერ ბაძაღუა (LW, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (RW, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (RW, ქუთაისი), შალვა სტურუა (CB, ქუთაისი), გივი გიორგაძე (LB, BSB ბათუმი), გიგა ზარნაძე (CB, ქუთაისი), გიორგი მიქავა (P, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (P), გიორგი დიხამინჯია (RB, RW), იური სილაგაძე (GK, წყალტუბო, ახალგაზრდული ნაკრები), მირიან გავაშელიშვილი (CB, იმედი-სტუ, ახალგაზრდული ნაკრები), გოჩა თურმანიძე (CB, BSB ბათუმი, ჭაბუკთა ნაკრები) – მწვრთნელები: დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე, გიორგი გვაზავა
მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
იანვარი 2020. გამარჯვებული გავა პლეიოფში
3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო. 10-12 იანვარი, ბენევენტო, იტალია
10 იან. რუმინეთი-საქართველო, 11 იან. საქართველო-იტალია, 12 იან. კოსოვო – საქართველო
ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი
იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში
16 იანვარი, სპორტის სასახლე. საქართველო-ფინეთი
19 იანვარი. ფინეთი – საქართველო