ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში შეხვდება ფინეთის გუნდს, ხოლო მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ეთამაშება იტალიას, რუმინეთსა და კოსოვოს.
ორივე წილისყრა დღეს გაიმართა ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში. ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში, პლეიოფში, შედგა სამი წყვილი: საქართველო-ფინეთი, ლუქსემბურგი – ესტონეთი და კვიპროსი – ბელგია. პირველი მატჩები გაიმართება პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე, წყვილების 3 გამარჯვებული კი გავა ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, სადაც 32 უძლიერესი ქვეყანა ითამაშებს ფინალური ტურნირის 20 საგზურისთვის. ევროპის ჩემპიონატი უნგრეთსა და სლოვაკეთშია დანიშნული 2022 წლის იანვარში.
მსოფლიოს ჩემპიონატს კი 2021 წლის იანვარში უმასპინძლებს ეგვიპტე და აქ პირველად ითამაშებს 32 გუნდი. ევროპას, მსოფლიო ჩემპიონის, დანიის გარდა, აქვს 13 ადგილი, რომლებიც 2 რაუნდისგან შემდგარ კვალიფიკაციაში გათამაშდება.
პირველ ეტაპზე მონაწილეობს 15 ქვეყანა, რომელიც არ თამაშობს ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირს, 4 შეარჩევი ჯგუფის 4 გამარჯვებული კი გავა მეორე რაუნდში, პლეიოფში, სადაც დაუწყვილდება ევრო 2020-ის მონაწილე ნაკრებებს და შინ/სტუმრად ფორმატით გაათამაშებს ფინალური ტურნირის საგზურებს. პლეიოფი გაიმართება 2 ეტაპად, 2020 წლის აპრილსა და ივნისში.
რაც შეეხება სათამაშო ვადებს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაიწყება 2019 წლის ოქტომბერში და ამ თვეში გაიმართება 2 ტური: 23-24 და 26-27 ოქტომბერს. შეჯიბრება დასრულდება 2020 წლის პირველ თვეში. სათამაშო დღეებია: 1-2, 4-5, 8-9 და 11-12 იანვარი. როგორც წესი, გუნდები 2 წრედ თამაშობენ, მაგრამ ფედერაციების შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია სამდღიანი და ერთწრიანი ტურნირის მოწყობაც – ამ შემთხვევაში მასპინძელი წილისყრით გამოვლინდება.
ამაზეა დამოკიდებული 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის განრიგიც. სათამაშო დღეები იგივეა, მაგრამ თუ რომელიმე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ორწრიან ტურნირს ითამაშებს, მაშინ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფისთვის EHF გამოყოფს 2 დამატებით სათამაშო დღეს 2020 წლის 19-26 იანვრის შუალედში.
წილისყრის შედეგების შესახებ კომენტარი ვთხოვეთ ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და მეკარეს, შოთა თევზაძეს:
– პირველ რიგში, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატი გავიაროთ და ძირითად შესარჩევ სტადიაზე, 32 უძლიერეს გუნდს შორის მოვხვდეთ. ამისთვის დიდი ხანია ვიბრძვით და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ შეგვხვდებოდა, თუმცა, მე პირადად ფინეთის ვარიანტს ბელგია ან ესტონეთი მერჩივნა. ფინეთი ძალიან ფიზიკური, ხისტი გუნდია, ამ ქვეყნის ჩემპიონი რიიჰიმიანენ კოქსი კი მეორე სეზონია, ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს, თუმცა ფინეთს ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ და დაგვიმარცხებია კიდეც.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციას, პირველი ეტაპის 15 მონაწილიდან 3 გამორჩეული გუნდი იყო: სლოვაკეთი, რუმინეთი და იტალია და მათგან 2 ჩვენს ჯგუფში მოხვდა. რუმინეთში მე 10 წელია, ვთამაშობ, ნაკრების ყველა მოთამაშეს ვიცნობ და ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა, ევროპის გრანდი ვინცაა, ყველა ფინალურ ტურნირზე მოხვდა და დანარჩენებთან თამაში შეიძლება.
რომ შევაჯამოთ, მთავარი ჩვენთვის ფინეთის დამარცხება და ევროპის უძლიერეს 32 გუნდში მოხვედრა, ელიტაში დამკვიდრებაა, რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციას, აქ შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ. მე უკვე 38 წლის ვარ, კიდევ ერთი ან მაქსიმუმ 2 სეზონი ვითამაშებ და მინდა, ნაკრებთან ერთად კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიო. ენით აუწერელი შეგრძნება იყო, როდესაც ივნისში IHF ერთა ჩემპიონატი მოგიგეთ. მინდა, რომ ეს კიდევ ერთხელ განმეორდეს.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი
ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში
ლუქსემბურგი – ესტონეთი, კვიპროსი – ბელგია, საქართველო-ფინეთი
მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ პლეიოფის პირველ სტადიაზე
1 ჯგუფი. ლიტვა, სლოვაკეთი,, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი
2 ჯგუფი. ისრაელი, საბერძნეთი, ფინეთი, კვიპროსი
3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო
4 ჯგუფი. თურქეთი, ბელგია, ესტონეთი