EHF-ის ეგიდით ჩატარებულ კონფერენციაზე საქართველოც იყო წარმოდგენილი

შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში მიმდინარე ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, მალმოში ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) ეგიდით უმასპინძლეს კონფერენციას (Grassroots Convention). 35 ქვეყნის 140 წარმომადგენელს შორის იყვნენ საქართველოს ქალთა ხელბურთის ხელმძღვანელი ლანა მარგიანი და მედია მენეჯერი ანასტასია პაპუაშვილი.

კონფერენციის მონაწილეებმა ხელბურთის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. შეეხნენ ხელბურთის, მომავალი თაობის განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. კონფერენციის მონაწილეებს ერთგვარ მეგზურობას უწევდა საგანგებოდ მოწყობილი გაცნობითი სტენდები. მათ შორის, ერთ-ერთი სტენდი ეკუთვნოდა საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას, სადაც ზედმიწევნით იყო აღნიშნული მიმდინარე პროექტები, მათი განვითარების საფეხურები.

კონფერენცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მონაწილეებმა 25 გამომსვლელს მოუსმინეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ თემებს, როგორიცაა მოთამაშეთა უსაფრთხოება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ტრავმების პრევენცია.

რამდენიმე გამოსვლისას მთავარი ხაზი მოთამაშეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვა იყო. ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარების კუთხით საკუთარი ხედვა წარადგინეს ხელბურთის აკადემიებმა: „გრანოლერსმა“, „მონპელიემ“, „სპორტინგმა“, „პაპენდალმა“ და „სლანდერბორგმა“.

საყურადღებო იყო „გრანოლერსის“ აკადემიის დირექტორის, ალექს კაუსა როკას ხედვა: „ჩვენი მთავარი მიზანია, აკადემიიდან პირველ გუნდში რაც შეიძლება მეტი მოთამაშე დავაწინაუროთ. გვსურს გვყავდეს კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც მაქსიმალურად იქნება დაკომპლექტებული ჩვენივე აკადემიის აღზრდილებით,“ – განუცხადა კაუსამ კონფერენციის მონაწილეებს. – გრანდებთან ჭიდილი მარტივი არ არის. თქვენ უნდა დაივიწყოთ სხვისი გზის გამეორება და ყურადღება გაამახვილოთ საკუთარ კურსზე, განვითარების ტემპზე. უკმაყოფილება და დროის კარგვა იმაზე, რაც სხვებს აქვთ და თქვენ – არა, საერთოდ არ ღირს“.

რა თქმა უნდა, აკადემიები ხელს უწყობენ ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებას, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ მწვრთნელებსა და მშობლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ იმაზე, თუ როგორ განვითარდებიან ისინი სპორტში.

პანელურ დისკუსიაზე ქალთა ხელბურთის ვარსკვლავებმა – კატრინ ლუნდემ და ანდრეა ლეკიჩმა, რომლებიც EHF-ის პროექტის, Her Playground-ის ელჩები (მისაბაძი მაგალითები) არიან, სპორტში სანიმუშო პიროვნების ყოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ვფიქრობ, ხელბურთში მისაბაძი მაგალითის ყოლას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის, ვინც შთაგაგონებს, შესაძლოა, რჩევებიც მოგცეს,“ – განმარტავს ლუნდე. – როცა გყავს ადამიანი, რომელიც შთაგონებას გაძლევს, შენც დგამ ისეთ ნაბიჯებს, რომლებსაც, შესაძლოა, მანამდე ვერ ბედავდი, მაგრამ ახლა აკეთებ, რადგან ხედავ, რომ სხვამ ეს ნაბიჯი უკვე გადადგა“.

ლუნდეს თქმით, შთაგონების წყაროდ მწვრთნელებიც შეიძლება იქცნენ: „მწვრთნელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან მან თითოეული ბავშვი უნდა დაინახოს და მათთვის ჯანსაღი გარემო შექმნას. მან უნდა ჩაატაროს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც ბავშვებს მოტივაციას მისცემს, რომ ხელბურთში დარჩნენ, დაინახონ საკუთარი განვითარება და სიახლეები მოსინჯონ“.

პრეზენტაციები ასევე მოიცავდა სესიებს, რომლებიც ორიენტირებული იყო ხელბურთში სხვადასხვა სოციალური თუ ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობაზე.

რამდენიმე სესიაზე ხაზი გაესვა მოთამაშეების განვითარებისადმი სამეცნიერომიდგომებს (ტრავმების პრევენცია; სპორტული ფსიქოლოგია; თანამედროვე წვრთნის მეთოდოლოგია).

ერთი სიტყვით, ამ კონვენციამ ნათლად აჩვენა, რომ თანამედროვე ხელბურთი მხოლოდ ფიზიკური მომზადება არ არის. ის მოიცავს: ჩართულობას, მეცნიერულმიდგომას, ემოციურკავშირს.

Leave a Reply