დღეს მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაა
10 მაისს, ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფისში გაიმართება ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა. ტურნირს 8-20 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლე მასპინძლობს.
ცნობილია გუნდების განთესვა და წილისყრის პროცედურაც. საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრები, მესამე კალათაშია სერბეთთან, ბრაზილიასთან და შვედეთთან ერთად, და, როგორც მასპინძელს, ჯგუფის არჩევის უფლება აქვს.
მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი. განთესვა წილისყრისთვის:
1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია
2 კალათი: დანია, ესპანეთი, ისლანდია, არგენტინა
3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი
4 კალათი: პორტუგალია, ჩილე, ბაჰრეინი, ტუნისი
5 კალათი: რუსეთი, ვენესუელა, იაპონია, ეგვიპტე
6 კალათი: ნორვეგია, მექსიკა, კორეა, ალჟირი
განთესვაში გუნდები დალაგებული არიან მსოფლიო და კონტინენტური რეიტინგის მიხედვით.
წილისყრის პროცედურა:
1. ჯერ წილი ეყრება მეოთხე კალათის 4 გუნდს, შემდეგ კი 5 და 6 კალათის ყველა გუნდი გადანაწილდება შესაბამის ჯგუფში, ანუ, 5 და 6 კალათის გუნდებს წილი არ ეყრებათ. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 4-6 კალათის გუნდები გადანაწილდებიან ისე, რომ თითო ჯგუფში ამ კალათებიდან შეიძლება მოხვდეს თითო კონტინენტის თითო ქვეყანა.
მაგალითად, თუ A ჯგუფში მეოთხე გუნდად მოხვდა პორტუგალია, მაშინ ევროპული რეიტინგის მომდევნო ნაკრები, რუსეთი ავტომატურად მოხვდება B ჯგუფში მეხუთე პოზიციაზე, ხოლო ნორვეგია – C ჯგუფის მეექვსე ადგილზე. შესაბამისად გადანაწილდება დანარჩენი 3 კონტინენტის გუნდებიც ამ ფორმულის მიხედვით: B4-C5-D6, C4-D5-A6, D4-A5-B6 პოზიციებზე.
2. განაწილდება მეორე კალათის ოთხი გუნდი
3. წილი ეყრება პირველი კალათის ოთხ გუნდს
4. საქართველოს ხელბურთის ფედერაცია აირჩევს სასურველ ჯგუფს
5. განაწილდება 3 კალათის დანარჩენი 3 გუნდი: სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი.
წილისყრა დაიწყება შუაევროპული დროით 14 საათზე და გადაიცემა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე: http://ihf.info/
წილისყრაში საქართველოს წარმოადგენენ ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ქეთევან კობერიძე.