დიხამინჯია მაკედონიაში საუკეთესოა
საქართველოს ნაკრების ხელბურთელი, 22 წლის გიორგი დიხამინჯია მაკედონიის ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა ინსაიდად დაასახელეს მწვრთნელების, ჟურნალისტებისა და ქომაგების გამოკითხვის შედეგად. ნომინანტთა შორის იყო კლუბ სტრუგას კიდევ ორი ქართველი მოთამაშე, ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია.
გამოკითხვა ჩაატარა მაკედონიურმა სახელბურთო ვებგვერდმა 24rakomet. რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ „რაკომეტმა“ დაასახელა 6-6 ნომინანტი შვიდივე სათამაშო პოზიციაზე. გამოკითხვა ცალ-ცალკე ჩატარდა მწვრთნელებს, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებსა და თავად ვებგვერდის თანამშრომლებს შორის. თითოეულ ქვეკატეგორიაში საუკეთესო იღებდა 5 ქულას, მეხუთე ადგილზე გასული – ერთს. მარჯვენა შუამარბებს შორის დიხამინჯია საუკეთესოდ დაასახელეს ქომაგებმა და ვებ-გვერდმა (5-5 ქულა), მწვრთნელებმა – მესამე ადგილზე (3), ხოლო ჟურნალისტებმა – მეხუთეზე (1 ქულა). ჯამში დიხამინჯიამ დააგროვა 14 ქულა და ქულით გაუსწრო ეუროფარმ-რაბოტნიკის მიხაილო პეტროვსკის და პროლეტის დონე მაინოვს (13-13). მეოთხე იყო სტეფან კრსტევკი (ვარდარ-ჯუნიორი, 10 ქულა), მეხუთე – რატკო დიმოვსკი (ბუტელი, 8), მეექვსე – ოგნენ ლეგოვიჩი (პელისტერი, 2).
მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე მეხუთე ადგილი დაიკავა ლექსო წითელიშვილმა (6 ქულა, გაიმარჯვა რაბოტნიკის ფილიპ კუზმანოვსკიმ 17), ხოლო მარჯვენა გარემარბებში რევაზ ჭანტურია მეხუთე იყო 8 ქულით (საუკეთესო გახდა ქართველების თანაგუნდელი ნენად კოსტესკი, 18). სხვა პოზიციებზე გაიმარჯვეს: გრადიმირ ჩანევსკიმ – მეკარე, რაბოტნიკი, 16), ცვეტან კუზმანოვსკიმ (სტრუგა, მარცხენა გარემარბი, 14), ლასკო ანდონოვსკიმ (გამთამაშებელი, პროლეტი, 15) და ალექსანდარ ტრენჩევსკიმ (ხაზი, სტრუგა, 15).
რაც შეეხება მაკედონიის ჩემპიონატს, ის ორ ჯგუფად გაიყო. სტრუგა თამაშობს პლეიაუტში, მე-7 ადგილისთვის და უკვე 2 თამაში მოიგო, ორივე სტუმრად – 35-28 დაამარცხა რადოვიში და 33-27 – პრილეპი და 31 ქულით პლეიაუტში პირველ ადგილზეა.