დიხამინჯიამ დანიის უმაღლეს ლიგაში ითამაშა

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის პეგასის ხელბურთელმა, 20 წლის გიორგი დიხამინჯიამ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა დანიურ კლუბ მიდტიულანდთან და უკვე ითამაშა კიდეც დანიის უმაღლეს ლიგაში. ოლბორგთან მატჩში დიხამინჯიამ 3 გოლი გაიტანა და თავის კლუბში საუკეთესო იყო. 

 

ვიდეო. დიხამინჯიას გოლი: https://www.youtube.com/watch?v=lRQa-f6a_9s

მიდტიულანდი, რომელიც 19 მატჩის შემდეგ 13 ქულით მე-11 ადგილზეა და რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად იბრძვის, შეხვდა ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე ოლბორგს და 17-36 დამარცხდა. მწვრთნელმა ანებერგმა ქართველი დებიუტანტი მეორე ტაიმში შეუშვა მოედანზე და მანაც მიდტიულანდიდან ყველაზე მეტი, 3 გოლი გაიტანა. დიხამინჯია პირველი ქართველია, რომელმაც დანიის ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში ითამაშა.

20 წლის დიხამინჯია ხელბურთის კლუბ პეგასში, ტიტე კალანდაძესა და გიორგი სახვაძესთან აღიზარდა, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და უკვე გამოვლილი აქვს საქართველოს ყველა ნაკრები – ჭაბუკთა გუნდიდან ეროვნულის ჩათვლით. დიხამინჯია 1997 წელსაა დაბადებული, 190 სანტიმეტრია, ცაციაა და მარჯვენა გარემარბია, თუმცა უკანა ხაზშიც შეუძლია თამაში – პირველ მატჩში ის სწორედ მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე იდგა.

2017 წლის შემოდგომაზე ის საქართველოს ხელბურთის ფედერაცამ მიავლინა ქალაქ ვიბორგში, იქაურ ხელბურთის აკადემიაში სასწავლებლად. საახალწლოდ დიხამინჯია საქართველოში გამოემგზავრა – მას სამუშაო ვიზა უნდა აეღო და აკადემიაში ვარჯიშის გარდა, უნდა ეთამაშა დანიის პირველი დივიზიონის კლუბ  სკივეში, მაგრამ, ვიბორგის აკადემია ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა და გეგმები შეიცვალა. ფედერაციამ  დიხამინჯია ქალაქ მიდტიულანდის აკადემიაში მოაწყო, იქ კი ამ ქალაქის კლუბში უმალ მოეწონათ და პირველი ლიგის ნაცვლად უმაღლეს ლიგაში უწევს თამაში.

ეს ქართული ხელბურთისთვის მეორე სერიოზული ტრანფერია 2017-18 წლების სეზონში,  რომლის დასაწყისშიც პეგასისა და ნაკრების კიდევ ერთმა ხელბურთელმა, 16 წლის გიორგი ცხოვრებაძემ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბთან საფრანგეთის მონპელიესთან გააფორმა კონტრაქტი. ცხოვრებაძე, რომელიც თავის ასაკში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება, მონპელიეს ძირითად გუნდთან ვარჯიშობს და, არაა გამორიცხული, ამ სეზონშივე ჰქონდეს დებიუტი საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში, მონპელიეში კი თამაშობს მსოფლიო ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების 5 ხელბურთელი.

დანიის ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა (19 ტურის შემდეგ): 1. სკიერნი 31 ქულა 2. GOG 30, 3. სილკებორგი 24, 4. ჰოლსტებრო 23, 5. ოლბორგი 22, 6. მორსი 19, 7. ორჰუსი 19, 8. ესბიერგი 16 – 9.  ნორდსაილენდი 16, 10. კოლდინგი 15, 11. მიდტიულანდი 13 –  12. სკანდერბორგი 11, 13. სონდერისკე 9, 14. ტონდერი 8

15 თებერვალი. მიდტიულანდი – ოლბორგი 17-36

მიდ: პეტერსენი, ჰემინგენი – დიხამინჯია 3, ოლსენი 2, სტრეიდე 2, შაში 2, ბონდროპი 1, იენსენი 1, ოსტეგორი 1, ნილსენი 1, ჰანსენი 1, ზონდეგორი 1, რაამუსენი 1, ებესენი 1, პედერსენი – მწვ. ანებერგი

20 ტური. 21 თებერვალი. სილკებორგი – მიდტიულანდი

Leave a Reply