დაბრუნება ხელბურთთან, ურეკში
შაბათ-კვირას ურეკში გაიმართება ქვიშის ხელბურთის ეროვნული ტურის პირველი შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს კაცთა 11 და ქალთა 7 გუნდი.
ეს პირველი სახელბურთო ღონისძიება იქნება საქართველოში მარტის შემდეგ, როდესაც სეზონი პანდემიის გამო შეწყდა. მართალია, ეს არაა კლასიკური, დარბაზის სახეობა, მაგრამ უკვე 6 წელია, შინაური სეზონი ისედაც ქვიშის ხელბურთით იხსნება. რაც შეეხება სლოგანს, „ხელბურთთან დაბრუნება“, ის ეკუთვნის ხელბურთის მსოფლიო ფედერაციას, რომელმაც 12-18 ივლისს ხელბურთის საერთაშორისო კვირეული ჩაატარა და ნელ-ნელა გეგმავს აქტივობების განახლებას.
შეჯიბრება ხვალ დილით, რვის ნახევარზე დაიწყება და კვირას დასრულდება. უკვე გაიმართა წილისყრა. ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გუნდი კვირას ნახევარფინალებში გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო დანარჩენები ყველა ადგილის გადასანაწილებლად ითამაშებენ.
დასკვნითი მატჩების სტრიმინგი მოეწყობა ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკსა და იუთუბზე.
2020 წლის ეროვნული ტურის მეორე შეჯიბრება აგვისტოშია დაგეგმილი, სექტემბრიდან კი, წესით, საქართველოს ჩემპიონატებიც უნდა დაიწყოს კლასიკურ ხელბურთში, თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა.
მზადების განახლებას ელის საქართველოს რამდენიმე ასაკობრივი ნაკრებიც, რომელთაც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატებში ასპარეზობა ელით.
წილისყრის შედეგები კი ასეთია:
ქვიშის ხელბურთის ეროვნული ტური 2020. პირველი შეჯიბრი. ურეკი, 25-26 ივლისი
კაცები
A ჯგუფი: გორი, სამტრედია, ქუთაისი 2, წყალტუბო 1, ბსბ ბათუმი
B ჯგუფი: ქუთაისი, ფაკუნდო (თბ), წყალტუბო 2, ფოთი, ხელვაჩაური, აჭარა
ქალები
A ჯგუფი: ყვარელი, აჭარა 2, სამტრედია
B ჯგუფი: ფოთი, ბსბ ბათუმი, აჭარა 1, წყალტუბო