გოგონათა ნაკრებმა “კოსტა დორადას” თასი მეხუთე ადგილზე დაასრულეს, ჭაბუკები – მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის ითამაშებენ

„კოსტა დორადას“ თასის გათამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებს მოედანზე ორ-ორჯერ მოუწიათ გასვლა.

გოგოები D ჯგუფის მეორე ადგილოსან ბასკურ “მუსკეს” შეხვდნენ და იოლი გამარჯვება – 19:9 მოიპოვეს. შედეგად, გოგონათა გუნდმა ასპარეზობა გააგრძელა მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის და აქაც წარმატებას მიაღწია – „სანტ ესტევე პალაუს“ 14-ბურთიანი უპირატესობით – 37-23 მოუგო და გათამაშება მეხუთე ადგილზე დაასრულა.

გოგოების მსგავსად, D ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდა ჭაბუკთა გუნდი. აქ მათ მეტოქეობა მოუწიათ ფრანგულ „ნანტთან“. სამწუხაროდ, მეტად დაძაბულ შეხვედრაში საქართველო ნაკრები მინიმალური სხვაობით – 25-26 დამარცხდა და ასპარეზობას მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის „სანტ ბოის“ A გუნდსა და „ხიხონის“ A გუნდს შორის წაგებულთან გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებმა ჯგუფური ეტაპი ორ-ორი მოგებითა და თითო წაგებით მეორე ადგილზე დაასრულეს.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანეთის ხელბურთის ფედერაციის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ესპანეთში, „კოსტა დორადას“ თასზე საერთაშორისო გამოცდილებას იძენს, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომავალი საერთაშორისო ტურნირებისთვის.

ცნობისთვის, „კოსტა დორადას“ ტრადიციული ტურნირი, რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი. საქართველო წარმოდგენილია 16-წლამდელებში.

Leave a Reply