გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანური ტურნირი გამარჯვებით გახსნა

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის და ესპანეთის ხელბურთის ფედერაციის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ჭაბუკთა და გოგონათა ახალგაზრდული ნაკრებები (U16) ესპანეთში, ჟირონას პროვინციაში მდებარე ქალაქ ბორდილსში საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებიან.

დღეს დილით ორივე გუნდმა ივარჯიშა, საღამოს კი გოგონებმა პირველი მატჩიც გამართეს და წარმატებასაც მიაღწიეს. ჩვენმა გუნდმა სარიას რეგიონის გუნდთან დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. იყო მომენტი, როდესაც ქართველი გოგოები ოთხი ბურთითაც იგებდნენ, შესვენებაზე კი ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ – 13-11.

შედარებით დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმი. მატჩის მიწურულს სარიამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მატჩის ბოლო წამებზე ნინო მუშკუდიანის გოლმა საქართველოს ნაკრებს პირველი გამარჯვება მოუპოვა.

საქართველოს გოგონათა ნაკრები მეორე შეხვედრას 20 დეკემბერს, გრანოლერსის ძლიერ გუნდთან ჩაატარებს.

ესპანურ ტურში გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებს ადგილზე დახვდნენ ესპანელი მწვრთნელები პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი. მათ შორის, ხავიერ სალვადორის პროგრამით და ხელმძღვანელობით გადის შეკრებას გოგონათა ნაკრები, ხოლო ვაჟები პაბლო კამპოსის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი სპეციალისტები აგვისტოში „იცხოვრე ხელბურთით“ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოში. პროგრამის, რომელიც ახალგაზრდა ხელბურთელებისთვის პრაქტიკულ და თეორიულ კურსებს ითვალისწინებდა.

Leave a Reply