გიორგი დიხამინჯია: ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა

საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი დიხამინჯია ხელბურთში პირველ ნაბიჯებს იხსენებს და საქართველოს ნაკრების მომავალ მატჩებზე საუბრობს.

„ხელბურთის თამაში გვიან დავიწყე – 15 წლის ვიყავი, როდესაც ვარჯიშზე პირველად მივედი. პირველი ნაბიჯები ვეტერანმა ხელბურთელმა, გიორგი წივწივაძემ გადამადგმევინა, რომელიც მაშინ ნაკრებში თამაშობდა. ათლეტური ბავში ვიყავი, თან ცაცია, შემამჩნია და ტიტე კალანდაძესთან თბილისის „თბილისში“ მიმიყვანა.

ასაკობრივ ნაკრებში დებიუტო თამაშის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ მქონდა, ეროვნულ გუნდში კი პირველად 18 წლისა მიმიწვიეს.

ნაკრებში ის ხელბურთელები დამხვდნენ ვის თამაშებსაც ტელევიზიით ვადევნებდი თვალს. ეროვნულ გუნდში თამაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ორმაგად მონდომებული ვარ, როდესაც ნაკრებში ვთამაშობ.

კალენდრიდან გამომდინარე, სანაკრებო შეკრებები იშვიათად ტარდება. საახალწლოდ, როდესაც საკლუბო ხელბურთში პაუზაა, მაშინ გვაქვს ხოლმე ორი კვირა სავარჯიშოდ და ამ პაუზას ვიყენებთ, რომ ამხანაგური მატჩები ჩავატაროთ, შევთამაშდეთ და უკეთესად მოვემზადოთ მომავალი მატჩებისთვის.

რუმინეთში „კარპატის თასზე“ შარშანაც ვითამაშეთ და ევროპის ჩემპიონატის წინ მოსამზადებლად სასარგებლო იყო, უკეთესად შევთამაშდით.

წელსაც, რა თქმა უნდა, იგივე მიზნები გვაქვს. გვინდა, რომ ტურნირი მოვიგოთ, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბოსნიასთან შესარჩევ თამაშებს, რომელიც მარტში გაიმართება, უკეთ მომზადებული შევხვდეთ…

ხელბურთის გარდა ჩოგბურთი მიყვარს, საყვარელი სპორტსმენი კი რაფაელ ნადალია“.

Leave a Reply