გარდაიცვალა დიმიტრი (დიმა) აბესაძე
გარდაიცვალა ვეტერანი ხელბურთელი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი დიმიტრი (დიმა) აბესაძე.
იგი 1979 წლიდან ჩაირიცხა სსრკ უმაღლესი ლიგის გუნდში, ქართული ხელბურთის ფლაგმან თბილისის „ბურევესტნიკში“, სადაც 1986 წლამდე თამაშობდა და იყო გუნდის კაპიტანი. 1983 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა სსრკ სპარტაკიადაზე და გუნდთან ერთად დაიკავა საპატიო მე-5 ადგილი.
2014 წელს დიმიტრი აბესაძე კვლავ აქტიურად დაბრუნდა ხელბურთში, თავდაპირველად ყოველგვარი საზღაურის გარეშე იკისრა ჭაბუკთა ნაკრების ხელმძღვანელობა, იგი საკუთარი სახსრებით ამარაგებდა გუნდს სხვადსხვა სპორტული ინვენტარით, ასევე მონაწილეობდა ფედერაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებში. 2021 წელს დიმიტრი აბესაძე ფედერაციის ყრილობის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად და სიცოცხლის ბოლომდე ჩაბმული იყო სახელბურთო თემის საქმიანობაში.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ქართულ ხელბურთს.