ბუნდესლიგის ლიდერი ლიგას გამოეთიშა
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში გამოვლინდა ყველა მეოთხედფინალისტი. მერვედფინალის მთავარი სენსაცია იყო გერმანიის ჩემპიონატის ლიდერის, რაინ-ნეკარის მარცხი ხორვატიის ზაგრებთან. მეოთხედფინალის წყვილებია: კილი – ბარსელონა, ზაგრები – პსჟ, ვარდარი – ვესპრემი, ფლენზბურგი – კელცე.
რაინ-ნეკარს პირველი თამაში ზაგრებში მოგებული ჰქონდა, 24-23 და შინ მანჰაიმში, 11 000 მაყურებლის თვალწინ, შესვენებამდე 2 წუთით ადრე 15-10 იგებდა. ზაგრები ახალგაზრდული გუნდი არ ნებდებოდა და სირენამდე 10 წუთით ადრე ლუკა შებეტიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 25-25, გადამწყვეტი კი აღმოჩნდა 56-ე წუთი, როდესაც შტეფან ვუიჩმა პირველად დააწინაურა სტუმრები, შემდეგ კი შებეტიჩმა სხვაობა სასურველამდე აიყვანა – 28-26. ზაგრებმა უპირატესობა შეინარჩუნა, 31-29 და მეოთხედფინალში პარი სენ ჟერმენს შეხვდება.
შედარებით იოლად გავიდნენ მეოთხედფინალში უნგრეთის ვესპრემი და პოლონეთის კელცე, შაბათ-კვირის დანარჩენ ორ წყვილში კი სერიოზული ბრძოლა იყო. სკოპიეს ვარდარმა სტუმრად ფრედ ითამაშა პოლონეთში, ვისლასთან (30-30), მაგრამ შინ, მეორე ტაიმის დასაწყისში სამით აგებდა – 15-18. მაკედონიური კლუბი მაინც გამოძვრა ამ სიტუაციიდან – 57-ე წუთზე ტიმურ დიბიროვმა წინ გაიყვანა ვარდარი – 25-24 ხოლო გადამწყვეტი მომენტი დადგა ბოლო წუთის დასწყისში, როდესაც მეკარე არპად შტერბიკმა მოიგერია ვისლას სერბი გარემარბის, ივან ნიკჩევიჩის დარტყმა 6 მეტრიდან და ვარდარმა 25-24 მოიგო.
ლიგის 2014 წლის გამარჯვებულს, გერმანიის ფლენზბურგს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ფრანგულმა მონპელიემ, ვინც შინ მხოლოდ ერთი ბურთით დამარცხდა (27-28), ხოლო საპასუხო მატჩის 54-ე წუთზე იმავე ანგარიშით აგებდა. საბოლოოდ, ფლენზბურგმა შინაც ერთით მოიგო, 31-30 და მეოთხედფინალში კელცეს შეხვდება.
მეოთხედფინალები 20 აპრილიდან იწყება, იქამდე კი მნიშვნელოვანი სანაკრებო პერიოდია – 8-10 აპრილს გათამაშდება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის დარჩენილი 6 საგზური.
მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2016-03-27-rewind-episode-16
—
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. 2015-16, კაცები
მერვედფინალი. საპასუხო მატჩები
27 მარტი
ფლენზბურგი (გერ) – მონპელიე (საფ) 31-30 (28-27)
ეგერტი 12, გლანდორფი 6 – გაიჩი 12, კავტიჩნიკი 6
რაინ-ნეკარი (გერ) – ზაგრები (ხორ) 29-31 (24-23)
შმიდი 7, გენსჰაიმერი, გრიოცკი, პეკელერი 5 – შებეტიჩი, ვუიჩი 5
26 მარტი
ვივე კელცე (პოლ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 33-30 (32-28)
ბუნტიჩი 6, აგინაგალდე, რაიხმანი, შტრლეკი 5 – სტოიკოვიჩი 7
ვესპრემი (უნგ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 41-28 (29-24)
ა. ნილსონი 7, პალმარსონი 6 – შელმენკო, სოროკა 6
ვარდარ სკოპიე (მკდ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 25-24 (30-30)
ტოსკიჩი 8 – ჟიტნიკოვი 7
23 მარტი
კილი (გერ) – პიკ სეგედი (უნგ) 36-29 (29-33)
ვუინი 9, ეკბერგი 7, დისინგერი 6 – ბომბაცი, კალმანი 7, ა. გარსია 5
—
მეოთხედფინალი (20-24 აპრილი, 27 აპრილი- 1 მაისი)
კილი – ბარსელონა
ზაგრები – პსჟ
ვარდარი – ვესპრემი
ფლენზბურგი – კელცე
ოთხთა ფინალი 28-29 მაისს კიოლნში (გერ)