ბათუმმა ქუთაისს ბოლო წამზე მოუგო
ზესტაფონის სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 33-32 მოუგო სახელბურთო კლუბ ქუთაისს და 32 ქულით ლიდერობს. წყალტუბომ 20-14 დაამარცხა სამტრედია. 14 მარტიდან ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება.
ქუთაისი-ბათუმი: https://www.youtube.com/watch?v=Cty8dCI_wmA
უმაღლესი ლიგის შარშანდელი ფინალისტები, ბათუმი და ქუთაისი სეზონში მესამედ შეხვდნენ. პირველ წრეში ბათუმმა 34-31 მოიგო, მეორეში კი ქუთაისმა რევანში აიღო, 34-29. ზესტაფონის მატჩის პირველი ტაიმი „შავი ზღვის ბიჭებმა“ სოლიდური სხვაობით, 19-12 მოიგო, მაგრამ 50-ე წუთზე ქუთაისელმა ფერაძემ სხვაობა ორამდე დაიყვანა, 25-27.
ამ მომენტისთვის მესამე ორწუთიანი გაძევებისთვის წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული ბათუმელ სიმონიას, ცოტა ხანში კი მისი ბედი ტალახაძემ გაიზიარა. რუსტამოვმა ორჯერ ზედიზედ გაიტანა და გაათანაბრა, 28-28, ხაჟომიამ კი პირველად გაიყვანა წინ ქუთაისი, 30-29. გოგოლაძემ და სტურუამ შვიდმეტრიანები გაცვალეს და ქუთაისი ისევ წინ იყო, 31-30, ბათუმს კი 2 გაძევებული მოთამაშე ჰყავდა და 4 კაცით უტევდა.
ქუთაისს უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა – ზედიზედ გააძევეს მერკვილაძე და კობახიძე, მსხვილიძემ გაათანაბრა (31-31), შემდეგ ქუთაისელების მეკარე მაისურაძემ პირიპირ გასულ აბრამიშვილს აუღო, მაგრამ მორიგ შეტევაში მსხვილიძემ 7-მეტრიანი მოიპოვა. გოგოლაძემ ისევ დააწინაურა ბათუმი, 32-31, ქუთაისელთა შემდეგი შეტევაც უგოლო გამოდგა და ბათუმი ბოლო წუთზე შეტევაში გადავიდა, მაგრამ მსხვილიძის დარტყმა მაისურაძემ მოიგერია, გამზარდიამ კი რუსტამოვს მიაწოდა საგოლე პასი, 32-32.
ბათუმს ბოლო შეტევისთვის 35 წამი რჩებოდა, ბოლო ცხრამეტრიანი კი სირენამდე 5 წამით ადრე დაინიშნა: მსხვილიძემ მარჯვნიდან შეახტუნა გოგოლაძე, მას კი დასარტყმელად ცუდი კუთხე ჰქონდა და ბურთი საწინააღმდეგო ფლანგზე გადაუგდო აბრამიშვილს, რომლის დარტყმის შემდეგ გოლიც გავიდა და სირენაც გაისმა, ალბათ წამის მეასედის შემდეგ – 33-32. „შავი ზღვის ბიჭებმა“ ამ მოგებით პრაქტიკულად გაინაღდა რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულება.
უჩვეულოდ ცოტა გოლი გავიდა წყალტუბოსა და სამტრედიის მატჩში. პირველი ტაიმი 7-7 მორჩა, ხოლო მეორეში წყალტუბოს „პრომეთესა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ, იური სილაგაძემ 5 შვიდმეტრიანი მოიგერია. 10 გოლი გაიტანა ლევან ჯიმშელეიშვილმა, წყალტუბომ 20-14 მოიგო, მეტოქეს ერთი ქულით გადაასწრო და მესამე წრის საერთო ტურის წინ სამტრედიასთან პირადი ბალანსიც უკეთესი აქვს (25-28, 26-26, 20-14).
საერთო ტური 1-4 აპრილსაა თბილისში, იქამდე კი აღმოსავლეთის ოთხეული (პეგასი, იმედი-სტუ თელავი, გორი და სპორტუნი), ხვალიდან, 14-16 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთში ითამაშებს, რის შემდეგაც უმაღლესი ლიგის რვავე გუნდს 17-17 მატჩი დაუგროვდება. 21-21 თამაშის შემდეგგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალურ ოთხეულის ფორმატით განაგრძობს – 14 მაისს ნახევარფინალია, 15 მაისს – ფინალი.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა
მესამე წრე, დასავლეთი. ზესტაფონის სპორტის სასახლე, 13 მარტი
წყალტუბო – სამტრედია 20-14
წყ: სილაგაძე, აფხაძე – ჯიმშელეიშვილი 10, ხელაძე 4, გველესიანი 2, დარსაველიძე 2, ნ. ბაბუნაშვილი 2, რ. ბაბუნაშვილი, ნიჟარაძე, მეტონიძე, მუკბანიანი, ქაშიბაძე, კოვზირიძე, შვანგირაძე
სამ: შველიძე, ფახურიძე – ხელისუფალი 7, ხომერიკი 4, თევზაძე 1, დიდია 1, ნადირაძე 1, ადამია, აფრიდონიძე, ხონელიძე, ქავზინაძე, მანაგაძე
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი
BSB ბათუმი – ქუთაისი 33-32
ბათ: ტორონჯაძე, ხანდლიშვილი – გოგოლაძე 8, მსხვილიძე 7, სიმონია 5, ამრამიშვილი 4, ტიელიძე 3, სურმავა 2, წივწივაძე 2, ტალახაძე 2, ბერძენიშვილი, თევზაძე, კოხრეიძე, სტოლბოვი
ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი – სტურუა 9, ფერაძე 6, გამზარდია 5, რუსტამოვი 5, ხაჟომია 4, მერკვილაძე 3, ბულბულაშვილი, კობახიძე, ჯუღელი, ჯ. იმნაძე, ლ. იმნაძე, ლომიძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი
——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
BSB ბათუმი—17–16—0—1—720-470–32
ქუთაისი——-17–13—0—4—707-493–26
პეგასი———-14–11—0—3—574-419–22
იმედი-სტუ—-14—9—0—5—481-417–18
გორი———–14—5—0—9—501-596–10
სპორტუნი—–14—3—1–10—451-615—7
წყალტუბო—-17—2—1–14—419-653—5
სამტრედია—-17—1—2–14—449-630—4
მესამე წრე, აღმოსავლეთი
თბილისის სპორტის სასახლე
14 მარტი
16:00 პეგასი – სპორტუნი
18:00 იმედი-სტუ თელავი – გორი
15 მარტი
16:00 სპორტუნი – იმედი-სტუ თელავი
18:00 გორი – პეგასი
16 მარტი
16:00 იმედი-სტუ თელავი – პეგასი
18:00 გორი – სპორტუნი
მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი
ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი