
“აკადემიამ” და “ყვარელმა” ქალთა უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს

2025-26 წლების საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატი ქალთა ასპარეზობებით გაიხსნა და ვაჟთა უმაღლესი ლიგით გაგრძელდა.
ქალთა პირველობის დაწყებამდე გამოსავლენი იყო ორი გუნდი, რომლებიც თავის მხრივ, უმაღლესი ლიგის ოთხ გუნდთან ერთად („აჭარა“, ბსგ (ბათუმი), „ოქროს ვერძი“ (ფოთი), „მართვე“) ექვსგუნდა ჩემპიონატში შეუდგებოდნენ ასპარეზობას. უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ ტურში საგზურისთვის ბრძოლას შეუდგნენ „გორი“, „ფსოუ“, „ყვარელი“, „აკადემია“ და „სამტრედია“.
უმაღლესი ლიგის ორი საგზურის მოსაპოვებლად ხუთივე გუნდს ხუთი ტური ჰქონდათ. მათ შორის, თავიდანვე დაწინაურდა “აკადემია” და საბოლოოდ ოთხივე მოგებული შეხვედრით უმაღლესში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. შედარებით რთული გამოსავლენი გახდა მეორე საგზურის მფლობელის ვინაობა, რადგან „სამტრედიის“ გარდა, რომელიც ოთხივე შეხვედრაში დამარცხდა, დანარჩენებმა ორ-ორი მოგებითა და ამდენივე მარცხით დაასრულეს გადასასვლელი ტური. საჭირო გახდა ბურთების სხვაობით მეორე გუნდის გამოვლენა. ასეთი გახდა „ყვარელი“, რომელიც ასევე უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას.
ქალთა ეროვნული ჩემპიონატი 1 ნოემბერს აიღებს სტარტს.
