საქართველომ ხორტავია ანერვიულა და ჰაილაითები დაიბევა
საქართველოსთვის სახელბურთო ციებ-ცხელება ხორვატიასთან E ჯგუფის შეხვედრით დაიწყო. დაიწყო ისე, როგორც ამას ბევრი არ მოელოდა. ერთის მხრივ, “მალმო არენაზე” გავიდა საქართველო, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობის სამ მატჩიანი გამოცდილება ჰქონდა და… ხორვატია, რომელსაც ყველა ფინალურ ეტაპზე უთამაშია და სამი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედალი დაუმსახურებია. აი, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე კი მათი მონაპოვარი ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურება.
ამგვარი აფიშის ფონზე საქართველო, რა თქმა უნდა, აუტსაიდერად გამოიყურებოდა, მაგრამ თამაშმა სხვა რამ აჩვენა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ტიტულიანი მეტოქე თითქმის 20 წუთის განმავლობაში მდევრის როლში ამყოფა და რომ არა თითქმის ათწუთიანი უგოლო სერია, ტაიმსაც მოვიგებდით. იმ ათწუთეულში კი ხორვატებმა, მაშინ როდესაც 12-6 ვიგებდით, 7-ბურთიანი გაქცევა შემოგვთავაზეს. 26-ე წუთზე გაათანაბრეს და 27-ე წუთზე პირველად დაწინაურდნენ. ათწუთიან უგოლო სერიას ხაზეინ რუსტამოვმა მოუღო ბოლო, როდესაც ანგარიში გაათანაბრა -13-13. თუმცა, ტაიმი ერთბურთიანი სხვაობით – 14-15 მაინც წავაგეთ.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 36-ე წუთზე ირაკლი კბილაშვილმა გაათანბრა (18-18). ორ წუთში გიორგი დიხამინჯიამ დაგვაწინაურა (20-19), მაგრამ რამდენიმე წამში დარღვევისთვის ორ წუთიანი გაძევება მიიღო.
ხორვატები ჩვენს გოლს გოლით პასუხობდნენ. მე-40 წუთზე გიორგი ცხოვრებაძის გადაცემით ნიკოლოზ კალანდაძემ ისევ დაგვაწინაურა (21-20). მერე იყო კბილაშვილის და მირიან გავაშელიშვილის გოლები, რამაც ორი ბურთით წინ გაგვიყვანა… მაგრამ ბოლოსკენ, ბოლო ორწუთეული ხორვატების იყო. სამბურთიანი გაქცევა შემოგვთავაზეს და 29-32 დავმარცხდით.
ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა, გიორგი ცხოვრებაძემ სტატისტიკა 7 გოლით გაიუმჯობესა. 6 გოლით მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა გიორგი დიხამინჯიას, 5-5 ბურთი გაიტანეს ხაზეინ რუსტამოვმა და ნიკოლოზ კალანდაძემ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ ისე ითამაშა, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე არაერთ ჰაილაითს უნდა ველოდოთ. საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა და რომ მის წინააღმდეგ იოლი თამაში არავის ელის.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 19 იანვარს, ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელ შვედეთთან ჩაატარებს, რომელმაც თავის მხრივ, ნიდერლანდებს 36-31 მოუგო.
საქართველოს ნაკრები: ზურაბ ცინცაძე (9 სეივი), დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე, გიორგი ლაპიაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი (5), ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი (2), გიორგი ცხოვრებაძე (7), ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, ნიკოლოზ კალანდაძე (5), დავით გრიშიკაშვილი, მირიან გავაშელიშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (6),
მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე
მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, შოთა თევზაძე