პირველი ნაბიჯები

წელს ხელბურთის ფედერაციას 70 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ ქართული ხელბურთის ისტორიის ქრონიკებს ხუთ პერიოდად.

ბურთის ხელით თამაშს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, სპორტის სახეობად კი ხელბურთი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა. 1890 წელს გერმანელმა კონრად კოხმა შემოიღო ახალი თამაში „რაფბოლი“. იმავე პერიოდში ჩეხეთში გავრცელდა „ჰაზენა ტერცოვა“, ჩვენებურად „ტყორცნა მიზანში“, რომელიც გამოიგონეს ჩეხმა პედაგოგებმა ანტონი კრისტოფმა და ვაცლავ კარასმა. ისინი ამ თამაშს პრაღის ერთ–ერთი საშუალო სკოლაში ნერგავდნენ. 1898 წელს დანიის ქალაქ ოლდრუპის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელმა ჰოლგერ ნილსენმა შეიმუშავა ახალი წესები და ბურთის ხელით თამაში, “ჰაანდბოლდე” ბავშვების ფიზიკური აღზრდის პროგრამაში ჩართო. თანამედროვე ხელბურთის დაბადების თარიღად სწორედ 1898 წელი ითვლება. სპორტის ამ ლამაზი სახეობის განვითარებაში დიდ წვლილი შეიტანა გერმანელმა მაქს ჰაიზერმა, რომელიც 1917 წლიდან მოყოლებული დიდი ხნის განმავლობაში ხელბურთის ორ ნაირსახეობას, დიდი და მცირე ხელბურთის განვითარებას, მის  პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. დიდი ხელბურთი 11×11-ზე თამაშს ითვალისწინებდა, მცირე ხელბურთს კი 7×7-ზე თამაშობენ. თავდაპირველად ხელბურთს მხოლოდ ქალები მისდევდნენ და წესებიც მათზე იყო გათვლილი. მოედანს სამ ზონად ყოფდნენ, მეკარე და მცველები მხოლოდ საკუთარ ზონაში თამაშობდნენ, ნახევარმცველები – საკუთარ და შუა, თავდამსხმელები კი შუა და მოწინააღმდეგის ზონებში. ამ წესების გაუქმების შემდეგ ხელბურთი ტაქტიკურად მრავალფეროვანი და უფრო ათლეტური გახდა. 1923 წელს შემოიღეს „სამი ნაბიჯის“ და „სამი წამის“ წესი. მოგვიანებით, არაერთი ცვლილება განხორციელდა თამაშის ტემპის ასამაღლებლად და უხეშობის აღსაკვეთად.

1926 წელს ჰააგაში ჩატარებულ სამოყვარულო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის კონფერენციაზე ჩამოყალიბდა სპორტული თამაშების კომისია, რომელმაც დიდი და მცირე ხელბურთი დამოუკიდებელ დისციპლინებად გამოაცხადა. 1928 წელს დაარსებული საერთაშორისო სამოყვარულო ფედერაციის მცდელობით დიდი ხელბურთი 1936 წლის ბერლინის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს, 1938 წელს კი მსოფლიოს პირველ ჩემპიონატს ბერლინმა უმასპინძლა. დიდ ხელბურთში კაცთა შვიდი და ქალთა სამი მსოფლიო პირველობა გათამაშდა, 1967 წლიდან კი საერთაშორისო არენაზე ასპარეზი დაეთმო მცირე ხელბურთს. 36-წლიანი პაუზის შემდეგ, 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშებიდან ოლიმპიურ პროგრამას დაუბრუნდა ხელბურთი, ქალთა ოლიმპიური დებიუტი კი 1976 წელს, მონრეალში შედგა.

საქართველოში ხელბურთი მეოცე საუკუნის ოციან წლებში უკრაინიდან შემოვიდა და უმალ ფეხი მოიკიდა. 1928 წლის საკავშირო ხალხთა სპარტაკიადაზე ამიერკავკასიის ფედერაციის ნაკრები სრულად ქართველი ხელბურთელებით იყო დაკომპლექტებული. გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან საქართველოში ხელბურთის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი გიორგი შარაშიძეს, თამაზ ანთაძესა და ვლადიმერ არაქელოვს მიუძღვით. 1956 წელს დაარსდა საქართველოს ხელბურთის ფედერაცია და ამავე წლიდან თბილისის „ბურევესტნიკი“ დიდ ხელბურთში საკავშირო პირველობებში ჩაება. 1956-61 ჩატარდა სსრკ ექვსი ჩემპიონატი „დიდ ხელბურთში“ (11:11). ამის შემდეგ მისი ადგილი „მცირე ხელბურთმა“ დაიკავა. პირველ ოფიციალურ ჩემპიონატებს წინ უსწრებდა ქვეყნის უძლიერეს ხელბურთელთა კოლექტივების საკავშირო შეჯიბრებები: 1959 წელს ხარკოვში, 1960 წელს ლენინგრადში, ხოლო 1961 წელს თბილისში. საქართველოს დედაქალაქში „ზამთრის არდადეგების“ ტურნირის მსვლელობისას ჩვენებმა ლენინგრადის, მოსკოვის, სვერდლოვსკის, მინსკის ძლიერ გუნდებს სძლიეს, ფინალში კი კიეველებს 18:15 მოუგეს და გარდამავალ თასს დაეუფლნენ. საუკეთესო ტექნიკისთვის განკუთვნილი პრიზი, ბროლის თასი თბილისელთა კაპიტანმა თამაზ ანთაძემ დაიმსახურა. ტურნირის დასრულების შემდეგ ლენინგრადელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა:  „განსაკუთრებით ქართველთა კაპიტანი თამაზ ანთაძე მსურს გამოვყო. მას დიდი სარგებლობა მოაქვს გუნდისთვის. მახსოვს ანთაძემ ჯერ კიდევ 1958 წელს ჩვენი გუნდი „დაანგრია“. თბილისელთა კაპიტანი გუნდის სული და გულია, რომ არაფერი ვთქვა ჯემალ ცერცვაძეზე“.

კიეველთა დამრიგებელმა ივახინმა კი წაგებული ფინალის შემდეგ თბილისელები შეაქო: „მსაჯის რამდენიმე შეცდომას თამაშის საერთო მსვლელობაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. გასული წლის ჩემპიონ მოსკოვის „ტრუდს“ შეჯიბრებაში მონაწილეობა რომ მიეღო, თბილისის „ბურევესტნიკთან“ უცილობლად დამარცხდებოდა. თბილისელთა რიგებში ვერ გამოყოფ რომელია ძირითადი მოთამაშე და რომელი სათადარიგო – ისინი თანაბრად ძლიერები არიან“.

1962 წლის დასაწყისში ფოთში ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი შვიდი-შვიდზე ხელბურთში ვაჟთა გუნდებს შორის. პირველი-მესამე ადგილებისთვის თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის და ბათუმის გუნდები იბრძოდნენ.

უცხო ენათა ინსტიტუტთან მარცხის შემდეგ ბათუმელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდს, საბოლოოდ კი მაინც თბილისელებმა იმარჯვეს 24:20., რომელთა რიგებშიც 9 გოლით ყველაზე შედეგიანი იყო ილია შელეგია.

რესპუბლიკის პირველი ჩემპიონის ვინაობა უცხო ენათა და პოლიტექნიკური ინსტიტუტების გუნდების მატჩმა გაარკვია. ამ გადამწყვეტ შეხვედრამდე ეს გუნდები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ და ყოველთვის ტექნიკოსები იმარჯვებდნენ, ამჯერად უცხო ენების ინსტიტუტის სახელბურთო გუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ფავორიტად შერაცხილ მეტოქეს და საბოლოოდ მოგებასთან ერთად სადებიუტო ჩემპიონობა მოიპოვა. პირველი ტაიმი ფრედ 7:7 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი მომავალმა პედაგოგებმა 11:8 დაწინაურება მოახერხეს. ტექნიკოსებმა მხოლოდ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლეს, 11:10 და მოწინააღმდეგეებს ჩემპიონობა პირველებმა მიულოცეს. გამარჯვებულთაგან კარგი თამაშით თავი ბორის კოპალეიშვილმა, ანზორ ექსეულიძემ, გარი მაჭავარიანმა და ლერი კარტოზიამ გამოიჩინეს, დამარცხებულთაგან კი საუკეთესო შთაბეჭდილება მეკარე ჯემალ აბაიშვილმა დატოვა. გუნდს 23 წლის, მაგრამ იმ დროისთვის გამორჩეული და უკვე გამოცდილი ჯემალ ცერცვაძე წვრთნიდა.

საქართველოს პირველი ჩემპიონი თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გუნდი

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებიდან ერთ თვეში ჩატარდა ხელბურთელთა პირველი საკავშირო პირველობა, რომელშიც მონაწილეობა თბილისის „ბურევესტნიკმა“ მიიღო. გუნდი საუკეთესო ქართველი ხელბურთელებით დაკომპლექტდა. შეჯიბრება ქართველ ხელბურთელთა ტრიუმფით დასრულდა.

გაგრძელება იქნება

Leave a Reply