მზადება დიდი ბრძოლებისთვის და რევანშის შანსი ფინეთთან…

2022-2024 წლებში საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებს მნიშვნელოვანი შეჯიბრებები ელის. კორონას პანდემიამ ხელი თუ არ შეუშალა, არ არის გამორიცხული, პაექრობები წლეულს ნოემბერშიც დაიწყოს. ჩვენი ეროვნული გუნდი 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოსინჯავს ძალებს. ქართველებთან ერთად მომავალი ეტაპის საგზურებისთვის 15 ქვეყნის წარმომადგენლები იბძოლებენ. წილისყრით ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ.

I ჯგუფი: ბელგია, თურქეთი, საბერძნეთი, კოსოვო

II ჯგუფი: ფინეთი, ესტონეთი, საქართველო, დიდი ბრიტანეთი

III ჯგუფი: რუმინეთი, ისრაელი, კვიპროსი, მოლდოვა

IV ჯგუფი: ლატვია, იტალია, ლუქსემბურგი, ფარერები

ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

წილისყრამ ფინეთის ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფშიც გვარგუნა. აქ რვა გუნდი ასე დაწყვილდა: საქართველო – ფინეთი, თურქეთი – კვიპროსი, ლატვია – ბულგარეთი, ლუქსემბურგი – ბელგია. დუეტებში გამარჯვებულები კონტინენტის პირველობის დასკვნით შესარჩევ რაუნდში ითამაშებენ, საიდანაც 4-გუნდიანი ჯგუფებიდან ორ-ორი რჩეული და ოთხიც საუკეთესო მესამეადგილოსანი ფინალში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ხელბურთელ ვაჟთა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი გერმანიაში გაიმართება. მედლებისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს. ალემანებს, როგორც მასპინძლებს, ადგილი უკვე დაჯავშნული აქვთ, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის სამი მედალოსანი პირდაპირ დაიშვება დასკვნით ეტაპზე. დანარჩენი 20 საგზურის მფლობელებს მთავარი შესარჩევი რაუნდი დაასახელებს. ამ ეტაპზე 2022 წლის შემოდგომიდან 32 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს,

– მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის მზადება მთავარი მწვრთნელის – სანდუ ფლორინ იაკობის ხელმძღვანელობით მაისიდან დავიწყეთ, – გვითხრა ჩვენი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ. – 43 წლის რუმინელ სპეციალისტს სამშობლოში მთავარ მწვრთნელად ხუთ კლუბსა და რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უმუშავია; ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. ხორვატიაში მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატზე იგი რუმინეთის ნაკრების კაპიტანი გახლდათ. მისი ხელი საქართველოს ნაკრებსაც დაეტყო: წლეულს ივნისში თბილისმა IHF/EHF-ის ერთა თასის გათამაშებას უმასპინძლა, რომელშიც ორ ჯგუფად გადანაწილებული ექვსი გუნდი მონაწილეობდა: A ჯგუფში – კვიპროსი, ბულგარეთი, ანდორა, B ჯგუფში – საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა. ეს შეჯიბრება იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ სამი საუკეთესო წლეულსვე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე ჩაებმებოდა. ჩვენმა ბიჭებმა დედაქალაქის ოლიმპიურ სასახლეში შესანიშნავად ითამაშეს: სტარტზე აზერბაიჯანის გუნდს სძლიეს 36:16, შემდეგ მოლდოვის ნაკრები დაამარცხეს 27:20. ნახევარფინალში ბულგარელ ხელბურთელებს 32:19 აჯობეს, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კვიპროსის გუნდს მოუგეს 32:18, IHF/EHF-ის ერთა თასი მოიპოვეს და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფშიც გავიდნენ. წილისყრამ მეტოქედ ფინეთის ნაკრები გვარგუნა. სუომელებს შინ და სტუმრად ალბათ, გაისად 15 იანვრის შემდეგ შევხვდებით. ზუსტი თარიღი ჯერ დასადგენია.

– გამოდის, რომ წილისყრამ რევანშის შანსი მოგცათ.

– დიახ, ასეა. გულშემატკივრებს, ალბათ, ახსოვთ, რომ შარშანაც ევროპის პლეი ოფში ფინელებს შევხვდით. შინ შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, სტუმრად კი 16 ბურთის სხვაობით წავაგეთ. არადა, პირველ ტაიმში თამაში, ფაქტობრივად, თანაბარი იყო. ვეცდებით, ახლა ორი მატჩის ჯამში რევანში ავიღოთ და შესარჩევი ეტაპის დასკვნით ტურნირში მოვხვდეთ.

– ფინელებს ვერც მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევში ასცდით…

– ეს მართალია, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, მე-2 ჯგუფის პაექრობები სად და როდის გაიმართება. არადა, წლევანდელი ნოემბრისთვის ის დიდ ბრიტანეთში იგეგმებოდა. კორონავირუსმა გარკვეული კორექტივები შემოგვთავაზა. შესაძლოა, ეს ტურნირიც იანვარში გადაიტანონ. რადგანაც ბრიტანელებმა ობიექტური მიზეზების გამო მასპინძლობაზე უარი თქვეს, დანარჩენ სამ გუნდს შორის მოლაპარაკება გაარკვეს, სად გაიმართება ჯგუფური ეტაპი. არ არის გამორიცხული, წრიული შეხვედრები თბილისში ჩატარდეს.

– ნაკრების მზადებაზე რას იტყვით?

– მართალია, უმთავრესად, ახალგაზრდული, მაგრამ გამოცდილი და მზარდი გუნდი გვყავს. ჩვენი 12 ხელბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს. ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე საფრანგეთის „მონპელიეს“ წევრია. ახალი სეზონისთვის ფრანგებმა იგი შვეიცარიის „ვინტერტურში“ ერთი წლით გაანათხოვრეს. „მონპელიეში“ გიორგი სათამაშო დროის მხრივ თუ შეზღუდული იყო, შვეიცარიულ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მონაწილეა, მოედანზე ყოფნის მეტი დრო და სივრცე ექნება. ერეკლე არსენიშვილი პორტუგალიის „ბრაგადან“ უფრო ძლიერ კლუბ ლისაბონის „სპორტინგში“ გადავიდა, რომელიც ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი, ხაზეინ რუსტამოვი და მეკარე ზურა ცინცაძე ახალ სეზონშიც ჩრდილოეთ მაკედონიის „პრილეპის“ ღირსებას დაიცავენ. რუმინეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს სამი ჩვენებური, ოღონდ „რეშიცედან“ „ბაკაუში“ გადავიდა თეიმურაზ ორჯონიკიძე, „სუჩავაში“ – ირაკლი კბილაშვილი, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი „კონსტანცაში“ დარჩა; საფრანგეთის „შამფერის“ წევრია ნიკოლოზ კალანდაძე, ხოლო გერმანულ კლუბში გიორგი დიხამინჯია და ზურაბ გოგავა ცდიან ბედს. თორმეტივე ქართველი ხელბურთელი ახლა კლუბებთან ერთად ემზადება ეროვნული ჩემპიონატებისთვის, ხოლო ჩვენი ნაკრების დანარჩენი წევროპის კანდიდატები საქართველოში ვარჯიშობენ. ნოემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირი თუ არ გაიმართება, ეროვნული გუნდის ყველა კანდიდატს თბილისში შევკრებთ და სანაკრებო კვირეულს მომავალი შეჯიბრებებისთვის საწვრთნელად გამოვიყენებთ.

ავტორი: ვაჟა დანელია

“ლელო”