ლეგიონერები/ცინცაძის და გავაშელიშვილის გუნდებმა მოიგეს. კალანდაძის გოლებმა კი “ექს ან პროვანსი” წაგებისგან ვერ იხსნა
ქართველ ლეგიონერებს ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში არცთუ დატვირთული კვირა ჰქონდათ. გარდა ამისა, ხელის შემშლელი ფაქტორი იყო ტრავმიანობაც. თუმცა, რამდენიმე შეხვედრა მაინც შედგა.
პოლონეთი
სეზონი გამარჯვებით გახსნა ზურაბ ცინცაძემ და მისმა „ლეგიონოვომ“. საქართველოს ნაკრების მეკარემ სუპერლიგის მე-18 ტურში „გვარდიას“ უმასპინძლა და 40-35 დაამარცხა. ცინცაძემ სამი სეივი შეასრულა.
მე-19 ტურის მატჩი ჰქონდა მირიან გავაშელიშვილს და „ოსტროვიას“. ქართველის გუნდი „ზაგლემბეს“ ეწვია და 28-23 მოუგო. ქართველის ანგარიშზე 2 გოლია.

საფრანგეთი
„ექს ან პროვანსს“ და მის ქართველ ლეგიონერს, ნიკოლოზ კალანდაძეს საფრანგეთის სუპერლიგის მე-16 ტურში გასვლითი მატჩი ჰქონდათ „შამბერისთან“. სტუმრები დაძაბულ შეხვედრაში 29-31 დამარცხდნენ. კალანდაძემ 32 წუთი ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტი შეასრულა.
ისლანდია
ისლანდიის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირი“ გასვლაზე „ვალურს“ ეთამაშა და 31-36 დამარცხდა. „აკიურეირის“ ქართველმა ლეგიონერმა 3 გოლი გაიტანა.